დეპორტივოს სასწაული და გედის სიმღერაც (+VIDEO)

რუბრიკა: მივიწყებული „ქამბექები“ ევროტურნირებზე. პერიოდულად შემოგთავაზებთ ამბებს თავისი ვიდეოთი...

მილანი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი მფლობელი იყო და მეოთხედფინალში დაამტკიცა თავისი უპირატესობა, როცა სან სიროზე 4:1 მოუგო დეპორტივოს. თან, როგორ მოუგო, წტებს დააკვირდით. ჯერ დეპორი იგებდა ვალტერ პანდიანის გოლით და მილანმა 8–წუთაინ მონაკვეთში შეაგდო ოთხი გოლი.

 

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ პანდიანის მილანში გატანილი კინკილა ბურთი გადამწყვეტი გამოდგებოდა?!

 

ლა კორუნიის რიაზორის სტადიონზე ჯოჯოხეთი მოუწყვეს კარლო ანჩელოტის გუნდს. პირველი ისევ ურუგვაელმა პანდიანიმ გაიტანა, მერე კი მიჰყვა და მიჰყვა. ხავიერ ირურეტას მხეცი გუნდი ჰყავდა, თუმცა უნდა ითქვას – წინა წლებში უკეთესი დეპორი იყო, 1998–2002 წლებში...    

 

ცნობისთვის, კახა კალაძეს არც მილანში უთამაშია და არც ლა კორუნიაში. განაცხადშიც არ ყოფილა ტრავმის გამო. მარცხენა მცველად ჯუზეპე პანკარო იდგა და დეპორელმა ვიქტორმა, უბრალოდ, მასხრად აიგდო. ეს მოხდა 7 აპრილს.

 

ნახევარფინალში ირურეტას გუნდი ჟოზე მოურინიუს პორტუსთან გავარდა. იმ წელს პორტუმ მოიგო ლიგა, არადა, მილანის ძლევის მერე, გალისიური დეპორი ითვლებოდა N1 ფავორიტად.

 

რატომღაც, დეპორტივოსთის ეს მოგება გედის სიმღერა გამოდგა. მას მერე გუნდი წლიდან წლამდე სუსტდებოდა, ევროტურნირებზე კი ერთი ხმაურიანი მატჩიც კი არ მოუგია. ხოლო ბოლო წლებში ევროპას ვინ ჩივის, ლა ლიგიდან სეგუნდაში მიდი–მოდის...  

 

 

 

2003/2004.  ჩემპიონთა ლიგა. მეოთხედფინალი

 

მილანი – დეპორტივო 4:1  

 

გოლები: 0:1 პანდიანი (11), 1:1 კაკა (45), 2:1 შევჩენკო (46), 3:1 კაკა (49), 4:1 პირლო (53)

 

დეპორტივო – მილანი 4:0

 

დეპორტივო: მოლინა, მანუელ პაბლო, ნაიბეთი, ანდრადე, მაურო სილვა, სერხიო (დუშერი 87), ვიქტორი,  ვალერონი (ჯალმინია 89), ლუკე (ფრანი 66), პანდიანი

 

მილანი: დიდა, კაფუ, ნესტა, მალდინი, პანკარო (რუი კოშტა 77), პირლო (სერჟინიო 58), გატუზო, ზეედორფი, კაკა, ტომასონი (ინძაგი 66), შევჩენკო

 

გოლები: 1:0 პანდიანი (5), 2:0 ვალერონი (34), 3:0 ლუკე (43), 4:0 ფრანი (76)