კრიშტიანუ რონალდუ: ყველა იუვენტუსს უყურებს

პარმამ ჩვენი შეცდომა გამოიყენა და ქულაც სწორედ ამის ხარჯზე აიღო

სერია ა-ს 22-ე ტურში, იუვენტუსმა პარმას უმასპინძლა და შეხვედრა 3:3 დასრულდა. მატჩის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ, რომელმაც თავი 2 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

 

შეხვედრის შემდეგ მედიასთან სწორედ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ იუვენტუსის წინააღმდეგ ყველა გუნდი ორმაგად მოტივირებული თამაშობს.

 

„გოლებით კმაყოფილი ვარ, თუმცა მატჩის შედეგით არა. პარმამ ჩვენი შეცდომა გამოიყენა და ქულაც სწორედ ამის ხარჯზე აიღო. სათქმელია, რომ იუვენტუსის წინააღმდეგ ყველა გუნდი ორმაგი მოტივაციით თამაშობს. ყველა ჩვენ გვიყურებს, რადგან საუკეთესო გუნდი ვართ.

 

არ მგონია ეს შედეგი დაღლილობის ბრალი იყოს. შესანიშნავი გუნდი ვართ, სადაც არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ირიცხებიან და თამაშს კვლავინდებურად მოტივირებულები გავაგრძელებთ.“-განაცხადა პორტუგალიელმა.

 

შეგახსენებთ, რომ რონალდუ იუვენტუსს წინა წლის ზაფხულში მადრიდის რეალიდან 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ტურინელებთან კონტრაქტი მან 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ხელფასის სახით წელიწადში 30 მილიონ ევროს იღებს.

 

პორტუგალიელმა მეგავარსკვლავმა ამ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. რაც შეეხება იუვენტუსის სატურნირო მდგომარეობას, ბიანკონერი 60 ქულით ცხრილის სათავეშია.