ნეიმარი სასამართლოს წინაშე წარდგება 

ბრაზილიელ ვარსკვლავს პატიმრობა ემუქრება 

 

პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. ბრაზილიელ ფეხბურთელს ბრალად კორუფცია და თაღლითობა ედება. 

 

ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ, რომელიც როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო მასშტაბის სისხლის სამართლის დანაშაულებების შესახებ საქმეებს აღძრავს, 26 წლის ვარსკვლავის მიერ პროცესის აცილების შესახებ ბოლო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

ნეიმარს სანტოსიდან ბარსელონაში გადასვლის დროს კორუფციისა და თაღლითობის ფაქტებში მონაწილეობას ედავებიან. კერძოდ კი საქმე სატრანსფერო თანხის განზრახ გაზრდას და ინფორმაციის დამალვას გულისხმობს.

 

ამ საქმეში დაცვის მხარეს თავად ნეიმარი, მამამისი, მისი ოჯახის კომპანია „N & N“ და ბარსელონას ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები, შესაბამისად სანდრო როსელი და ხოსეპ მარია ბარტორმეუ წარმოადგენენ.

 

სარჩელი საფეხბურთო სააგენტოს DIS-ის მიერ იქნა შეტანილი. კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ტრანსფერში მათი წილი სრულად არ მიუღიათ, რადგან ფინანსების რეალური ოდენობა დაფარული იყო.

 

2018 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

 

ნეიამრი ბარსელონაში 2013-17 წლებში თამაშობდა, ვიდრე პსჟ მას ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხა 222 მილიონ ევროდ შეიძენდა.