სალაჰი საუკეთესოა

ეგვიპტელის მორიგი აღიარება

ლივერპულის ლიდერი მოჰამედ სალაჰი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

 

ტრადიციულად აღნიშნული ჯილდო ფეხბურთელებს გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად გადაეცემათ. ბოლო გამოკითხვაში სალაჰმა დავი დე ხეას, პოლ პოგბას, მარკუს რაშფორდს (ყველა მანჩესტერ იუნაიტედი), ტროი დინს (უოტფორდი) და ლეროი სანეს (მანჩესტერ სიტი) აჯობა.

 

იანვრის თვეში მერსისაიდელთა შემტევმა ნახევარმცველმა პრემიერლიგის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა: მანჩესტერ სიტის, ბრაიტონ ალბიონის, კრისტალ პალასის და ლესტერ სიტის წინააღმდეგ და 4 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირს (32 გოლი), მიმდინარე გათამაშების 24 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი და ლიდერის პოზიციაშია.

 

საინტერესოა, რომ ეს პრიზი სალაჰმა უკვე მეოთხედ მოიგო, მანამდე მან ამ აღიარებას 2017 წლის ნოემბერში, 2018 წლის თებერვალსა და მარტში მიაღწია. ყველაზე მეტჯერ (6) ეს ჯილდო პრემიერლიგის ისტორიაში ორ ფეხბურთელს სტივენ ჯერარდს (ლივერპული) და ჰარი კეინს (ტოტენჰემი) აქვთ მოგებული. 

 

დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლივერპულის კიდევ ერთ წევრს, ვირჯილ ვან დეიკს ეკუთვნოდა. 

 

24 ტურის შემდეგ, ლივერპული ინგლისის ჩემპიონატის ლიდერია. დღეს, 00:00 საათზე, 26 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელის გუნდი ვესტ ჰემს ესტუმრება.