ვანკუვერის შავი ლაქა

9 წელი უისტლერის ტრაგედიიდან

„ბაკურიანი ციგის გარეშე ხომ წარმოუდგენელია. აქ ყველა ბავშვი ციგასთან ერთად იზრდება. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, უბრალოდ ვერთობოდი. 12 წლის ვიყავი ეს საშინელი ტრაგედია რომ დატრიალდა. მას შემდეგ გადავწყვიტე საციგაო სპორტით უფრო სერიოზულადად, პროფესიონალურად დავკავებულიყავი. ის, რომ მე დღეს მოციგავე ვარ და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარ ქვეყანას წარმოვადგენ ნოდარ ქუმარიტაშვილის დამსახურებაა“ - ეს სიტყვები გიორგი სოღოიანმა, სამხრეთ კორეაში, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე თქვა, შემდეგ კი ის პიონჩანგში, ოლიმპიური თამაშების სტარტზე ქართველ სპორტსმენთაგან პირველი დადგა.

 

დრო, დროზე სწრაფად გარბის - ეს სიტყვები ერთ ქართულ სიმღერაშია, რომელსაც ცნობილი ჯგუფი „33 ა“ ასრულებს. დრო მართლაც უკანმოუხედავად გარბის. დროს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. თითქოს აგერ ახლახანს იყოო, არადა იმ ფატალური შემთხვევიდან 9  წელი გავიდა. ის რაც 2010 წლის 12 თებერვალს შორეულ კანადაში დატრიალდა ქართული სპორტის მოუშუშებელი იარაა.

 

ჩვეულებრივი დილა გათენდა. თითქოს სხვებისგან არაფრით გამორჩეული. უფრო სწორად, წესით და რიგით ის დილა,შუადღეც და განსაკუთრებით საღამო არაჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო. ფაციფუცი, გადარბენა, მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოსულ ჟურნალისტთა სამზადისი, კილომეტრიანი რიგები სალაროებთან, ადამიანთა ჯგუფი ყველაფეხის ნაბიჯზე ხელში აბრებით - I NEED TICKET, მოკლედ, ის აჟიოტაჟი, რაც ასეთ დროს ხდება ხოლმე. ყველა შებინდების და კულმინაციის მოლოდინშია - მისი აღმატებულება ზამთრის ოლიმპიური თამაშები მობრძანდება.

 

კულმინაცია მაინც შედგა, ოღონდ ნაიარევი, დაღდასმული, სევდანარევი კულმინაცია. მაშინ, როდესაცსრულიად ვანკუვერი და არა მარტო, დიდი ზეიმისთვის ემზადებოდა მეხივით დაიქუხა სიტყვებმა Teriible Crash.

ასე შევიდა „ვანკუვერი 2010“ ოლიმპიადების ისტორიაში. სამწუხაროდ, მსოფლიოში ყოველწლიურად არაერთი ავარია და უბედური შემთხვევა ხდება. ამის სტატისტიკური მონაცემები ალბათ არსებობს, მაგრამ ის რაც 8 წლის წინ კანადაშიმოხდა, მხოლოდ შეჯახებას და ამის შედეგად ადამიანის დაღუპვას ვერ დავარქმევთ. ეს გაცილებით მეტად გულშიმოსახვედრი, გაცილებით შემაძრწუნებელი რამ გახლდათ, რომელიც სპორტსმენის ოლიმპიურ თამაშებზე დაღუპვას უკავშირდებოდა.

 

ჩვენთვის, ვანკუვერში მყოფი საქართველოს დელეგაციის ყველა წევრისთვის ზეიმი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს თანსდევს მის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დამთავრდა. ჯერ არ დაწყებული თეთრი ოლიმპიადაც იმ ბოძზე შესკდომით დასრულდა, რა დროსაც ნოდარ ქუმარიტაშვილის გულმა ძგერა შეწყვიტა.

როგორია დღის განრიგი? თავდაპირველად მთავარი პრესცენტრი, შემდეგ ოლიმპიური სოფელი და ჩვენი გუნდისმონახულება, ალბათ დრო ქალაქში გასასეირნებლადაც დარჩება და გეზი გახსნის ცერემონიალზე, ვანკუვერის ცენტრალური სტადიონისკენ უნდა ავიღო - ამ ფიქრებში გართული, ეროვნულ სპორტული უნიფორმით შემოსილიგა მოვედი სასტუმროდან რა დროსაც მობილურზე ზარი გაისმა - ცუდი ამბავია, საშინელება დატრიალდა, ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, მეუბნება ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჯაფარიძე. იმ წუთიდან საქართველო კვლავ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, ისევე როგორც 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე იყო. ისე მოხდა, რომ ზედიზედ ორი ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული მოვლენებით დაიწყო. გაუთავებელი ინტერვიუები სხვადასხვა ქვეყნის პრესის, რადიოსა თუ ტელევიზიის ჟურნალისტებთან. თუ სასტუმროდან მთავარ პრესცენტრამდე მისვლას ვთქვათ 15 წუთი სჭირდებოდა, ვანკუვერში მყოფი ქართველი ჟურნალისტები ამას ორჯერ მეტ დროს ვანდომებდით, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაჩერებდა და გულწრფელ სამძიმარს გვეუბნებოდა. ჩვენი დელეგაციის მიმართ ინტერესი პიკს აღწევდა, იყო უდიდესი სოლიდარობა,მაგრამ რას არ გავიღებდით საიმისოდ, რომ ყურდღება არავის მოექცია, ოღონდ ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს ჩვენს გვერდით ყოფილიყო.

 

თამაშების პრესცენტრში განადგურებული მივლასლასდი. უცებ ჩემს წინ ათობით მიკროფონი გაჩნდა. კოლეგების კითხვების შინაარსს ალბათ ბევრი ახსნა არ სჭირდება. რა უნდა ვთქვა? 20 წუთის წინ საქართველომ ღირსეული სპორტსმენი დაკარგა. ყველა კანადური თუ სხვა ქვეყნის არხი უისტლერის ტრაგედიის ამბავს გადმოსცემს. საღამოს დაგეგმილმა გახსნის ცერემონიალმა მეორე პლანზე გადაიწია.

 

„რიგით XXI ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ვანკუვერი საშინელმა ტრაგედიამ შეძრა.ოფიციალური სტარტის წინ, ბოლო ვარჯიშზე ქართველი ოლიმპიელი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ისტრასაზე 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როცა ციგით ტრასიდან ამოვარდა და გვერდით ბოძს თავით შეასკდა. ნოდარიუმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უმძიმესი ტრავმის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“ - გადმოსცემდნენსაინფორმაციო საშუალებები.

 

 

„სიტყვებს ვერ ვპოულობ. არ ვიცი სპორტსმენის მშობლებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს რა ვუთხრა. ეს უმძიმესი ტრაგედიაა, რომელიც არათუ ოლიმპიურ თამაშებზე, არცერთ სპორტულ ფორუმზე არ უნდა ხდებოდეს. შოკირებულნი ვართ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და საორგანიზაციო კომიტეტმა მძიმე დარტყმა მიიღო. ოლიმპიური ოჯახის სახელით, მომხდარის გამო გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ“ - თვალზე ცრემლმომდგარი ამბობდა სოკ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ჟაკ როგი პრესკონფერენციაზე.

 

თავისთავად ოფიციალური განცხადებები გააკეთეს „ვანკუვერი 2010“-ის საორგანიზაციო კომიტეტმა და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, თუმცა მოგვიანებით ამ უკანასკნელის ერთი-ორმა მაღალჩინოსანმა სცადა ესუბედურება სპორტსმენის გამოუცდელობისთვის მიეწერა.

 

ალბათ ეს იყო მცდელობა, საერთაშორისო ფედერაციას პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა. სპორტსმენის კვალიფიკაცია და გამოუცდელობა ნამდვილად არაფერ შუაში იყო. თუ ასეა, ნოდარმა პირველი საკონტროლო დაშვებისას მეთორმეტე შედეგი როგორ აჩვენა? სპეციალისტები წინადღესაც ხომ ადევნებდნენ თვალს და რა მაშინ ვერშენიშნეს გამოუცდელობა? ფაქტია, რომ ხმაური ტრასის უსაფრთხოების შესახებ სწორედ ამ ფატალური შემთხვევის შემდეგ ატყდა და ნაკლიც გამოასწორეს - დამცავი კედელი აამაღლეს და რკინის კონსტრუქციაც საგანგებო მასალით შეფუთეს.

 ვანკუვერში ჩამოფრინდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. „ჩვენი ათლეტი საქართველოს ისეთი კუთხიდან იყო, სადაც ზამთრის სპორტს უდიდესი ტრადიციები გააჩნია. მისი მამა შვილის მსგავსად მოციგავე იყო,ბიძა კი მწვრთნელია, რომელიც 8 წელი საფრანგეთის ნაკრებს ავარჯიშებდა. ფატალური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა და სპორტშიც შეცდომები ხდება, თანაც ჩვენ იმ სახეობაზე ვსაუბრობთ, რომელიც სახიფათოდ ითვლება. ნოდარის სიკვდილი გამოუცდელობას არ უნდა მიეწეროს. მას დიდი მომავალი ჰქონდა“- აღნიშნა მან მთავარ საპრესკონფერენციო დარბაზში.

 

მაინც რა მოხდა ოლიმპიადის გახსნის დღეს, ვანკუვერიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ უისტლერისსაციგაო ტრასაზე? მოციგავეები სტარტის წინ, ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშოდ ორი დღით ადრე დაუშვეს. პირველ დღესჩვენმა ბიჭებმა კარგად აუღეს ალღო ტრასას, მეორე დღესაც ორ-ორი დაშვება შეასრულეს და სწორედ ის მეორე ცდააღმოჩნდა საბედისწერო ქართველი მოციგავისთვის.

 

ამ ფაქტის შემდეგ ხმამაღლა და აღშფოთებით ალაპარაკდნენ სხვა დელეგაციებიც. კანადური ტელევიზიები ხშირადიმეორებდნენ, რომ ტრასაზე ფინიშის შემდეგ სიჩქარის დაგდების მონაკვეთი უსაფრთხო არ იყო. ტრაგედიის შემდეგისიც კი გაიხსენეს, რომ სხვა ქვეყნის არაერთი მოციგავე ბეწვზე გადარჩენილა, მაგრამ ორგანიზატორებმა არ შეისმინეს თხოვნა აემაღლებინათ დამცავი კედელი და სახიფათო მონაკვეთზეც მეტი სიფრთხილის ზომები მიეღოთ. ფაქტია, რომმათ გასაკეთებელი მას მერე გააკეთეს, რაც ურემი გადაბრუნდა.

 

ვანკუვერში, პირველად, ოლიმპიური თამაშების 112 წლიან ისტორიაში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი წუთიერი დუმილით დაიწყო, ხოლო როდესაც აღლუმზე ჩვენი გუნდი დროშაზე შებმული შავი ლენტით და თალხიანი სამკლავურებით გამოჩნდა, 65 ათასი მაყურებელი ფეხზე წამოდგა და ტაშით შეეგება. გულისამაჩუყებელი იყო ეს ყველაფერი და თქვენი მონა-მორჩილიც პრეს-ლოჟიდან ფოტოაპარატს ცრემლნარევი თვალებით აჩხაკუნებდა.

აღლუმის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ის ადგილი, რომელიც საქართველოს უნდა შეევსო ცარიელი დარჩა. ჩვენებს იქით აღარ გაუხვევიათ და უმალ ოლიმპიური სოფლისკენ ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის სამგლოვიარო საღამოზე გავეშურეთ.

 

ნოდარ ქუმარიტაშვილი ოლიმპიური გუნდის გამორჩეული, შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენი იყო.

სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ნოდარს მშობლიურ ბაკურიანში, მშობლებისთვის დაურეკავს და უთქვამს ჩემითიამაყეთო. დედ-მამასთან მისი ბოლო საუბარი 2010 წლის 12 თებერვლის დილას შედგა. 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერში მეხივით დაიქუხა ცნობამ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელის დაღუპვის შესახებ.

 

უისტლერის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა, რომელიც ოლიმპიურ ვანკუვერს სამუდამო შავ ლაქად დარჩება.