რეალ მადრიდი და კიდევ უფრო დიდი (+VIDEO)

Leadersport-ი აგრძელებს რუბრიკას „მივიწყებული ქამბექები“.  ხანდახან სხვადასხვა საინტერესო ამბებს და სენსაციებსაც შემოგთავაზებთ თავისი ვიდეოთი...

ამჯერად იმ სეზონზე, როცა თბილისის დინამო პირველად გავიდა ჩემპიონთა თასზე. ნოდარ ახალკაცის გუნდმა 1/16 ფინალში უძლიერესი ლივერპული გამოთიშა, მაგრამ 1/8 ფინალში ისევ მძლავრი მეტოქე შეხვდა და ვეღარ მოერია – გერმანული ჰამბურგი... ჰამბურგი იმ სეზონში ფინალამდე მივიდა და ნოტინგემ ფორესტთან 0:1 წააგო.   

 

მოკლედ, გერმანელებმა მერვედფინალში დინამო გაამწარეს, მეოთხედფინალში სპლიტის ჰაიდუკი და ნახევარფინალში უკვე რეალი ელოდათ.

 

სამეფო კლუბმა კარლოს სანტილიანას დუბლით შინ 2:0 იმარჯვა და ბუნებრივია, ფავორიტი იყო. თუმცა გერმანული ხასიათი კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ფოლპარკშტადიონზე მე–17 წუთზე უკვე 2:0 იყო! მერე მადრიდელთა ინგლისელმა ფორვარდმა ლორი კანინგემმა შეაგდო და თითქოს აქ უნდა გამტყდარიყო ჰამბურგი, მაგრამ თურმე სადა ხარ – პირველ ტაიმში კიდევ ორჯერ გაიტანეს და 4:1.

 

ეს უკვე გერმანელებს აწყობდათ. ხუთი გოლი პირველ ტაიმში.  მეორე ნახევარში ასეთი გიჟური ამბები აღარ მომხდარა. რეალს ჰქონდა მომენტები და რომ გაეტანა, უკვე სათავისოდ ატრიალებდა საქმეს, თუმცა ბოლოს ისევ ჰამბურგმა იხეირა: ბოლო წუთზე, კონტრშეტევაზე...

 

კევინ კიგანსა და მარჯვენა მცველ მანფრედ კალცს ვერ აჩერებდნენ. კალცის გოლი იყო მაგარი, შორიდან რომ დააქუხა. ამას დაუმატეთ ცენტრფორვარდ ჰორსტ ჰრუბეშის ორი თავურიც. ჰამბურგი ლომივით გუნდი იყო და ამ წელს ვერა, მაგრამ 1983–ში მოიგო ჩემპიონთა თასი.     

 

1966 წლიდან 1998 წლამდე რეალმა ვერა და ვერ მოახერხა ევროპის უპრესტიჟულესი თასის მოგება. 32 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო ახლოს და ერთ–ერთი ასეთი, აი, თქვენს თვალწინ... ისე, ორივე გუნდს იუგოსლავიელები წვრთნიდნენ: გერმანელებს ბრანკო ზებეცი, ხოლო ესპანელებს – ვუიადინ ბოშკოვი.

 

მეორე ფოტოზე კი ხედავთ რეალის საყრდენ ნახევარმცველს. იცანით? ვისენტე დელ ბოსკეა. ფეხბურთელობისას არ ეღირსა ეს ტიტული, მწვრთნელობისას კი, იცოცხლეთ, ორჯერ მოიგო...

 

1979/1980. ჩემპიონთა თასი. ნახევარფინალი. 9 აპრილი – 23 აპრილი

 

რეალი – ჰამბურგი 2:0

 

გოლები: 1:0 სანტილიანა (67), 2:0 სანტილიანა (80)

 

ჰამბურგი – რეალი 5:1  

 

ჰამბურგი: კარგუსი, კალცი, ბულიანი, ნოლი, იაკობსი, მემერინგი, მაგათი, რაიმანი, კიგანი, ჰრუბეში

 

რეალი: რემონი (ანხელი 32), პერეს გარსია, პირი, ბენიტო, კამაჩო, დელ ბოსკე, შტილიკე, მიგელ ანხელი, ხუანიტო (მარტინესი 88), კანინგემი, სანტილიანა

 

გოლები: 1:0 კალცი (10 პენ), 2:0 ჰრუბეში (17), 2:1 კანინგემი (31), 3:1 კალცი (40), 4:1 ჰრუბეში (45), 5:2 მემერინგი (90)