F**k off! Puta! F**k off!

ანუ როგორია არგენტინული შურისძიება

„მათ არ მაცალეს თავი ჯეროვნად წარმომეჩინა ოლდ ტრაფორდზე, ამიტომ ეს არ იყო საუკეთესო პერიოდი ჩემს კარიერაში,“ - უთხრა ანხელ დი მარიამ ინტერვიუში France Bleu-ს.

არგენტინელმა მანჩესტერში მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო, ვერ გაიხნა და პარიზში გადაბარგდა. არადა, მანკუნიანელებმა მადრიდის რეალს, 2014 წელს, მას სანაცვლოდ თითქმის 60 მილიონი ევრო გადაუხადეს.

 

და აი, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, დი მარია ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდა, უკვე პსჟ-ის მაისურით, მანჩესტერის წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის ჩასატარებლად. ნეიმარისა და კავანის არყოფნაში, მას განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა პარიზელთა ტაქტიკურ განლაგებაში. თანაც შანსი მიეცა მანჩესტერელი მაყურებლისთვის დაემტკიცებინა, რომ ტყუილად მოიძულეს. 

პარიზელთა დამრიგებელმა, ტომას ტუხელმა ის მარცხენა ფრთაზე გაამწესა, რათა კილიან მბაპეს დახმარებოდა შეტევების ორგანიზებაში.

მანჩესტერელმა ქომაგებმა ის ცუდად მიიღეს. გამაყრუებლად უსტვენდნენ. ლუდის ბოთლი ესროლეს, მან კი დალევის იმიტაცია გააკეთა და იქვე მიაგდო...

ეშლი იანგმა კი, ორთაბრძოლისას ის აუტის ხაზს იქით გადააგდო და რკინის ბადეს მიანარცხა, სადაც, წესით, სარეკლამო დაფები უნდა ყოფილიყო განთავსებული. თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. მაყურებელს თანაგრძნობა არ გამოუხატავს. პირიქით, ტრიბუნიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმოდა.

 

მსაჯმა იანგი დაინდო, მასპინძელთა კაპიტანს უკვე მიეღო ყვითელი ბარათი და მის გაძევებას მოერიდა.

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ექსპერტი, კრის სატონი ამბობს: „იანგის ქცევა ამაზრზენი და ცინიკური იყო. მან კარგად იცის, რომ ის ადგილი ოლდ ტრაფორდზე ყველაზე სახიფათოა. ამიტომ ოპონენტისთვის შეიძლებოდა, ძალიან მძიმე ტრავმა მიეყენებინა.“

დი მარიამ თავისებურად უპასუხა აგრესორებს. ჯერ იყო და, მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ჭაბუკმა კიმპემბემ პირველი გოლი გაიტანა პროფესიონალურ კარიერაში. შემდეგ კი მბაპეს დაასვა ბურთი ფეხზე და მეორე ბურთიც გავიდა. ანუ, ორივე გოლი სტუმრებმა მისი ასისტენტობით შეაგდეს.

 

მაგრამ მეტად საინტერესო პირველი გოლის ეპიზოდი გამოდგა, როცა გაღიზიანებული არგენტინელი კარს უკან დადგა და ოლდ ტრაფორდის აღმოსავლეთ ტრიბუნას ინგლისურ-ესპანურად შეუკურთხა: F**k off! Puta! F**k off! - ყვიროდა დი მარია, რომელსაც პარიზელთა კაპიტანი, ტიაგუ სილვა აკავებდა.