ბასილაშვილისთვის როტერდამი დასრულდა

ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ თავს არ ჰგავს

ქართველი ჩოგბურთელისთვის უნგრული ბარიერი გადაულახავი გამოდგა. მარტონ ფუქსოვიჩმა ჩვენებურს ორ სეტში - 7:6, 6:1 აჯობა და როტერდამის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

 

ფუქსოვიჩი რეიტინგის 38-ე ნომერია და ახლახანს სოფიის ტურნირზე ფინალშიც კი გააღწია, თუმცა იქ რუს დანიელ მედვედევთან წააგო. აშკარაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ საკუთარ თავს არ ჰგავს და მის თამაშში ბევრი ხარვეზი შეინიშნება. ჯერ იყო და სოფიაში პირველივე წრეში მსოფლიოს 180-ე ჩოგანთან დანიელ ბრანდსთან იწვნია მარცხი, ახლა კი როტერდამშიც ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა. 

 

ფუქსოვიჩთან დაპირისპირება საათი და 20 წუთი გაგრძელდა. ნიკამ მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, მეორე კი პირწმინდად დათმო. უნგრელი ჩოგბურთელი ბასილაშვილისთვის ერთგვარად უხერხულ მოწინააღმდეგედაც იქცა. ურთიერთშეხვედრებში ფუქსოვიჩი ბასილაშვილს 3:1 ამარცხებს.

 

იმედია, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარუმატებელი პერიოდი მალე დასრულდება.