უფლისწული მანჩესტერის 4,5 მილიარდად ყიდვას აპირებს

ამბობენ, მოლაპარაკებები მალე დაიწყება და დიდხანსაც არ გასტანსო

არაბული ფული, ევროპულ ფეხბურთში, მალე, შესაძლოა, რამდენიმე მილიარდით გაიზარდოს. გულშემატკივრებს კი ახალი შეიხის სახელის დამახსოვრება მოუწევთ. მუჰამედ ბინ სალმანი საუდის არაბეთის უფლისწულია და ძალიან სურს საფეხბურთო კლუბის შეძენა. თანაც, რომელიმესი კი არა, არამედ სახელგანთქმულის. ვთქვათ, მანჩესტერ იუნაიტედის.

 

პირველი ხმები იუნაიტედის გაარაბულების შესახებ, დაახლოებით ნახევარი წლის წინათ დაირხა, მაგრამ ნელ-ნელა მინელდა. ახლა კი ბრიტანული მედია ბინ სალმანის მანჩესტერისადმი ცხოველ ინტერესზე ისევ ალაპარაკდა.

ვინ არის ბინ სალმანი?

 

მის ოჯახს ბევრი, ძალიან ბევრი ფული აქვს. დაახლოებით 1 ტრილიონი ევრო... საკუთრივ უფლისწულის ბიუჯეტს კი 970 მილიარდ ევროდ აფასებენ. ფორმალურად ის მეორე კაცია ქვეყანაში, რადგან მამამისი - მეფე, ჯერ ცოცხალია. მაგრამ, ამბობენ, ალცგეიმერის დაავადება დამართნია (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს გონებრივი შესაძლებლობების ნელ-ნელა დაქვეითება) და ყველა საქმეს მისი ძე უძღვებაო. ძალაუფლება კი მას გადატრიალების შემდეგ მიუღია, როცა 2017 წელს თავისი ბიძაშვილი გადაუგდია ტახტიდან.

 

 

უფლისწულს უყვარს ფულის ხარჯვა და ევროპული კულტურა. მაგალითად, მას ეკუთვნის პარიზში მდებარე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი (262 მილიონი). მის იახტაზე კი, რომელიც რუსი მილიარდერის, იური შეფლერისგან უყიდია 433 მილიონ ევროდ, საშინელ ამბებს ჰყვებიან.

 

როგორც ჩანს, დიპლომატიც ყოფილა. კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ინგლისის დედოფალთან. თუმცა ბნელ-ბნელ საქმეებში მონაწილეობასაც აბრალებენ. მაგალითად, ამბობენ, 2015 წელს იემენში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა მისი ორგანიზებული იყოო.

 

ყველაზე სკანდალური ისტორია კი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებას ეხება, რომელიც სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. Washington Post-ის მიმომხილველს აწამებდნენ, თითებს სათითაოდ აჭრიდნენ, მერე თავი მოკვეთეს, სხეული დაანაწევრეს და მჟავაში ჩაადნეს.

 

 

ამბობენ, სწორედ ეს ისტორია გახდა უფლისწულის დროებით გაუჩინარების მიზეზი და მანჩესტერსაც იმიტომ ყიდულობს, რეპუტაცია რომ აღიდგინოსო. საერთოდ, ფეხბურთში ფულის ხარჯვა კარგ ტონად ითვლება და უფლისწულიც რამდენჯერმე შენიშნეს ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტონოსთან ერთად.

 

სხვა მხრივ, საუდური ფულის მანჩესტერში ჩაჟონვა უკვე რამდენიმე წელიწადია დაწყებულია. ჯერ იყო და Saudi Telecom-მა გააფორმა იუნაიტედთან კონტრაქტი. შემდეგ კი საუდის არაბეთის სპორტის სამინისტრომ  სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი მათთან. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

 

 

თუმცა, აქ ერთი პრობლემაა. უფლისწულს მოუწევს გლეიზერების ოჯახის დაყაბულება, რომლებიც 13 წელიწადია მანჩესტერს ფლობენ და ბოლო სამ წელიწადში 70 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავეს, კლუბის აქციების ფლობის კვალად.

 

თუმცა Independent-ის ვარაუდით, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, ისინი კლუბსაც გაყიდიან. საუბარი მინიმუმ 4,5 მილიარდ ევროზეა. ამ შემთხვევაში, გლეიზერებს 2 მილიარდი „სუფთა“ მოგება დარჩებათ. ბინ სალმანისთვის კი ეს თანხა თითქმის არაფერს ნიშნავს.

 

ამბობენ, მოლაპარაკებები მალე დაიწყება და დიდხანსაც არ გასტანსო.