ვარსკვლავები ქართულ მიწაზე

წარმოგიდგენთ 11–კაციან სიმბოლურ (+ 7 სათადარიგო) ნაკრებს იმ ფეხბურთელებისგან, რომლებსაც საქართველოში აქვთ ნათამაშევი ქართული გუნდების წინააღმდეგ...

საიდან დავიწყოთ? 1993 წლიდან, როცა თბილისის დინამომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად ითამაშა ევროტურნირებზე. იქიდან მოყოლებული, აბა, რომელ ტოპ–გუნდებს გაიხსენებთ, საქართველოში რომ ჩამოსულან? ტოპ–ის რა გითხრათ, მაგრამ მიახლოებულები იყვნენ ტოტენჰემი, პსვ... ლევერკუზენსა და ბილბაოსაც იტყვით.     

 

სამწუხაროდ, ზედა ინსტანციამდე ვერ მივდიოდით. ბარსელონა, რეალი, მილანი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბაიერნი... ვერ ვწვდებოდით. ლეო მესიმ სუპერთასზე ორი შედევრი შემოგვთავაზა, კრიშტიანუ რონალდუმ დინამოს აკადემია გახსნა და მიხეილ მესხზე ნაკრებთან ერთად ივარჯიშა, ანდრეს ინიესტამ, ჩავიმ, ტიერი ანრიმ, ანდრეი შევჩენკომ და სხვებმა სანაკრებო ამბებში გასინჯეს ქართული მოედნები. 

 

მაგრამ საკლუბო? აქ წარმოგიდგენთ 11–კაციან სიმბოლურ (+ 7 სათადარიგო) ნაკრებს იმ ფეხბურთელებისგან, რომლებსაც საქართველოში აქვთ ნათამაშები ქართული გუნდების წინააღმდეგ.

 

არ ვთვლით ნიუკასლს, რომელსაც დინამო უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ სტუმრად შეხვდა. ალან შირერი, კრეიგ ბელამი, ჯეიმს მილნერი, პატრიკ კლუივერტი, ლი ბოიერი – მარტო ნიუკასლით შევავსებდით ნახევარ სიმბოლურს...   ანუ, შევთანხმდეთ, საქართველოში ნათამაშევი ვარსკვლავები, ან იმ დროის ამომავალი ვარსკვლავები, ან უკვე ჩამქრალები...

 

აქ არაა საუბარი, ვინ როგორ ითამაშა კონკრეტულად იმ შეხვედრაში, თორემ სხვაგვარი სია გამოგვივა. მაგალითად, ტოტენჰემიდან იფრინა ანდროს თაუნსენდმა, კეინმა კი ბოლო ოცი წუთი ითამაშა და არაფერი შეუქმნია, თუმცა ახლა სად თაუნსენდი და სად – კეინი.         

  

უგო ლორისი (2013/ დინამო თბ – ტოტენჰემი 0:5)

 

 

ვფიქრობთ, აქ საკამათო არაფერია. ლორისი მსოფლიოს ჩემპიონია. ისე, თბილისშიც ორ მომენტში გადაარჩინა ტოტენჰემი... დინამოს გოლი ბევრ ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ მაინც.

 

ტომას მუნიე (2011/ ზესტაფონი – ბრიუგე 3:3)

 

 

 

ბოლო 10 წუთი ითამაშა ზესტაფონთან. ბელგიელი პსჟ–ის მარჯვენა ფლანგის ბატონ–პატრონია, მსოფლიოს ჩემპიონატზეც მაგრად ითამაშა. აი, ნახევარფინალში ბელგიას მისი არყოფნა დაეტყო...

 

სემი ჰიიპია (1998/ დინამო თბ – ვილემ II 0:3)

 

 

 

ფინელმა საუკეთესო წლები ლივერპულში გაატარა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ლივერპული–მილანი 3:3. იმ დაუვიწარ სტამბოლურ ფინალში 120 წუთი ითამაშა. 

 

იაპ სტამი (1996/ დინამო ბთ – პსვ 1:1)

 

 

 

1999 წელს მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე, 4 პრემიერლიგა. პსვ, მანჩესტერი, ლაციო, მილანი, აიაქსი – ვინ არ მოაწერს ხელს ასეთ გუნდებში თამაშს?

 

ფილიპ კოკუ (1996/ დინამო ბთ – პსვ 1:1)

 

 

 

კოკუ უნივერსალი იყო. ალბათ, მეკარის გარდა, ყველა პოზიციაზე უთამაშია. მარცხენა მცველადაც. 101 მატჩი ჰოლანდიის ნაკრებში, 10 გოლიც. 4–ჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და ერთხელაც – ესპანეთის ლა ლიგა. საუკეთესო სეზონები ბარსაში გაატარა.  

 

ემერსონი (1997/ დინამო თბ – ლევერკუზენი 1:0)

 

 

 

ლევერკუზენი, მილანი, რეალი, იუვენტუსი, რომა – ემერსონის საკლუბო კარიერა, უბრალოდ, შესაშურია. საუკეთესო წლები მაინც რომაში გაატარა, სერია ა მოიგო და ფაბიო კაპელომ მასზე თქვა კიდეც, ასეთი შენაძენი არასოდეს გამიკეთებიაო.

 

ჟილბერტო (2008/ დინამო – პანათინაიკოსი 0:0)

 

 

ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი 2002 წელს. ჟილბერტო სილვას დარ საყრდენს ვინ არ ისურვებდა? საუკეთესო სეზონები არსენალში გაატარა, 2002–2008 წლებში.   

 

ხოსება ეჩებერია (1998/ დინამო თბ– ბილბაო 2:1)

 

 

ბილბაოელთა საკულტო ფიგურა. 15 წელი ითამაშა ბასკურ კლუბში. სწორედ ეჩებერიამ გაუტანა დინამოს გადამწყვეტი გოლი (1:0) და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ შეუშვა. ესპანეთის ნაკრებში 12 გოლი აქვს გატანილი. 

 

ეიდურ გუდიონსენი (2011/ დინამო – აეკ 1:1)

 

 

ჩელსი, ბარსელონა, მონაკო, პსვ, ტოტენჰემი, სტოკი, ბრიუგე, აეკ... ეს არასრული სიაა, სადაც ყველა დროის საუკეთესო ისლანდიელ ფეხბურთელს უთამაშია. ორჯერ მოიგო პრემიერლიგა, ერთხელ ლა ლიგა და 2009 წელს ჩემპიონთა ლიგაც. ესეც ტიტულების არასრული სიაა – ყველას ჩამოთვლას აზრი არ აქვს.   

 

ჰენრიკ ლარსონი (2009/ ზესტაფონი – ჰელსინბორგი 1:2)

 

 

ლარსონი უკვე 38 წლის ასაკში იყო ზესტაფონში და გოლი მაინც გაიტანა. შვედი გოლების მანქანა იყო, არანორმალური სტატისტიკა ჰქონდა სელტიკში. უკვე „სიბერეში“ წავიდა ბარსელონაში, მაგრამ მისი შეცვლაზე შესვლა გადამწყვეტი გამოდგა 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში... არსენალთან 2:1. 

 

ჰარი კეინი (2013/ დინამო თბ – ტოტენჰემი 0:5)

 

 

 

ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების ლიდერი. გასული მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი. თუმცა 2013 წელს, როცა თბილისში იყო ჩამოსული, „მამლების“ ერთ რიგით ფეხბურთელად ითვლებოდა, სასტარტოშიც ვერ ხვდებოდა...

 

სათადარიგოები

 

რიკარდო (2004/ დინამო თბ – სპორტინგი 0:4)

 

 

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მეკარე იყო წლების განმავლობაში. კარიერის მატჩი ევრო–2004–ზე ჩაატარა, ინგლისთან მეოთხედფინალში. პენალტების სერიაში ორჯერ მოიგერია და ბოლოს თვითონ გაიტანა. ინგლისი 2006 წელსაც გაამწარა პენალტების სერიაში.

 

რიგობერტ სონგი (2003/ ტორპედო– ლანსი 0:2)

 

 

ექსტრავაგანტული გარეგნობის კამერუნელი მცველი 137 სანაკრებო მატჩით. ლივერპულშიც თამაშობდა.

 

დანიელ აგერი (2005/ დინამო თბ – ბრონდბიუ 0:2)

 

 

აგერი 8 წელი თამაშობდა ლივერპულში. რაფა ბენიტესმა ბრონდბიუდან გადაიყვანა და დანიელიც თითქმის უცვლელად საკვანძო ფიგურა იყო წითლებში. ხშირმა ტრავმებმა შეუშალა ხელი. 31 წლის ასაკში დაასრულა კარიერა.

 

ჟერემი მატიე (2004/ დინამო თბ – სოშო 0:2)

 

 

სოშოსა და ტულუზას მერე ვალენსიაში გადავიდა, სადაც 5 კარგი სეზონი ჩაატარა, მოხვდა ბარსელონაში და იქ 3 წელი იტამაშა, ორჯერ მოიგო ლა ლიგა, სამჯერ სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგაც დაამატა... მეტწილად, მარცხენა მცველი გახლდათ, თუმცა ცენტრალურ მცველად და მარცხენა გარემარბადაც უთამაშია. 

 

ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკი (1996/ დინამო თბ – ბოავიშტა 1:0)

 

 

განსაკუთრებით მაგარი იყო ჩელსიში, ატლეტიკოსა და ლიდსში. ორჯერ გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1999, 2001. ბოავიშტაში რომ თამაშობდა, ჯერ დიდი სახელი არ ჰქონდა...

 

მატეა კეჟმანი (1998/ დინამო ბთ – პარტიზანი 1:0)

 

 

სწრაფი სერბი ფორვარდი გოლის ალღოთი. ბევრი კლუბი გამოიცვალა, მაგრამ საუკეთესო პერიოდი, ალბათ, პსვ–ში ჰქონდა. ხუთი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონია: იუგოსლავიის, ჰოლანდიის (2), ინგლისის, თურქეთის, ბელარუსის...

 

ულფ კირსტენი (1997/ დინამო თბ – ლევერკუზენი 1:0)

 

 

 

ტიპიური გოლზე დაგეშილი ცენტრფორვარდი. 1995 წელს საქართველოს გაუტანა ნიურნბერგში, როცა 1:4 წავაგეთ გერმანიასთან. გდრ–ში დაბადებული, 1990 წლამდე დრეზდენის დინამოში იყო, ხოლო მერე ლევერკუზენში. ამ ორივე კლუბის ლეგენდად დარჩა.  სამჯერ გახდა ბუნდესლიგის ბომბარდირი – 1993, 1997, 1998 წლებში.