კობი, მინი და მაყურებლები

16 მარტს ჩინეთის ქალაქ შენჟენში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება

31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩინეთი კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი არ დასრულებულა და ამიტომაც ყველა მონაწილე ნაკრების ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა შესარჩევი ეტაპი უკვე დასკვნით ფაზაშია.

 

16 მარტს კი ჩინეთის ქალაქ შენჟენში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება და გუნდებიც მეტოქეთა ვინაობას გაიგებენ. ღონისძიებაში მონაწილეობას კი ახლო წარსულში NBA-ს ორი ვარსკვლავი კობი ბრაიანტი და ჩინელი გიგანტი იაო მინი მიიღებენ.

 

ნიშანდობლივია, რომ წილისყრა პირველად გაიმართება მაყურებელთა თანდასწრებით, სადაც ასევე მიწვეულია ცნობილი ამერიკელი მომღერალი ჯეისონ დერულო, რომელიც თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე სიმღერას შეასრულებს.

 

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ამას წინათ, კობი ბრაიანტი ჩინეთში დაგეგმილი საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი გახდა.