ფერგიუსონის შემდეგ პირველად

ინგლისის თასის 1/8 ფინალში, მანჩესტერი ჩელსის ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში 31-ე წუთზე ანდერ ერერამ გახსნა, ტაიმის ბოლო წუთზე კი კეპას კარი პოლ პოგბამაც აიღო.

 

აღსანიშნავია, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერი გახდა მანჩესტერის პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე დაამარცხა. აქამდე ამის შანსი დევიდ მოიესს, ლუი ვან გაალსა და ჟოზე მოურინიოსაც ჰქონდათ, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ჩელსისთან სტუმრად მოგება ვერ შეძლო.

სულშერი მანჩესტერში სწორედ მოურინიოს წასვლის შემდეგ დაინიშნა და იგი დროებით მწვრთნელად ითვლება. იმ შემთხვევაში თუ ნორვეგიელი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, მანჩესტერელები ტოტენჰემიდან მაურისიო პოჩეტინოს გადაბირებაზე იმუშავებენ.

 

ამ მომენტისთვის გუნდს პრემიერლიგაში 51 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი მანკუნიელთა მეტოქე პსჟ გახლავთ. იუნაიტედმა ფრანგებს უკვე უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა, განმეორებითი შეხვედრა კი საფრანგეთის დედაქალაქში 14 მარტს გაიმართება.