ატლეტიკომ იუვენტუსს ცივი შხაპი გადაასხა

ტურინში მასპინძლებს სასწაული სჭირდებათ 

ვანდა მეტროპოლიტანო ის სტადიონია ამ სეზონის მთავარ მატჩს რომ მიიღებს. დიახ, მადრიდის უახლეს არენაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგება, თუმცა ვიდრე ევროპის ორი უძლიერესი გუნდი საუკეთესოს გამოავლენს, აქ ურთიერთობა მადრიდის ატლეტიკომ და ტურინის იუვენტუსმა გაარკვიეს.

ტურნირის ფავორიტად მიჩნეული გუნდები ერთმანეთს მერვედფინალის ეგიდით გადაეყარნენ და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წყვილიც გვაჩუქეს.

პირველი შეხვედრა რომ ბევრ რამეს გაარკვევდა, ფეხბურთის გულშემატკივარს ამის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა თუ თითქმის ყველაფერი დღესვე გადაწყდებოდა, ამას ცოტა წარმოიდგენდა.

ამ გუნდებისგან გახსნილი და შემტევი ფეხბურთის მოლოდინი არავის ჰქონდა, რაც პირველ ნახევარშიც ადვილი შესამჩნევი იყო. ორი მწვრთნელი ერთმანეთის დაჯაბვნას ტაქტიკური სქემებით ცდილობდა, სადაც გამარჯვებას დიეგო სიმეონემ მიაღწია. არგენტინელი სპეციალისტის გუნდმა მეტოქე მეორე ნახევარში გატეხა, როცა ბებერი ქალბატონის კარს აქტიურად შეუტია. პირველი რეალური ეპიზოდი დიეგო კოშტას შეექმნა, შემდეგი ცვლილებაზე შემოსული ალვარო მორატა იყო, რომელმაც ყოფილ კლუბს გოლიც გაუტანა და გვარიანადაც აღნიშნა, თუმცა ეს წესების დაღრვევით გააკეთა და ვიდეო გამეორებამ სიხარული ჩააშხამა.

უცნაურია, თუმცა თავდამსხმელების მიერ ვერ შესრულებული მისია საკუთარ თავზე ცენტრალურმა მცვლებმა იკისრეს. ორი სატნდარტული სიტუაციის შემდეგ, ჯერ 78-ე წუთზე ხიმენესმა, 5 წუთში კი დიეგო გოდინმა მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და ვოიცეხ შესნის კარი დალაშქრა.

რაც შეეხება იუვენტუსს და ამ გუნდის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს, მათ დღევანდელ შეხვედრაში ღირებული ცოტა რამ თუ შექმნეს და 0:2-ს შეეგუვნენ. მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლა 13 მარტს, ტურინში გაგრძელდება, სადაც ატლეტიკო ფავორიტის რანგში ჩავა.