ალეკო გოგობერიშვილი: უკვე დრო იყო

ალეკო გოგობერიშვილმა 42 წლის ასაკში დაასრულა ფეხბურთელის კარიერა, თუმცა ფეხბურთში რჩება. სამწვრთნელო კურსებს გაივლის და ვინ იცის, როგორი სპეციალისტი დადგება...

გოგობერიშვილი 3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ მოიგო დავით ყიფიანის სახელობის თასი და ერთხელ აზერბაიჯანის ჩემპიონობაც მოიპოვა: როცა ბაკიში თამაშობდა. სტაბილური ცენტრალური ნახევარმცველი - რა გუნდებშიც იყო, ყველგან ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

 

ალეკოს შევეხმიანეთ და კარიერიდან საინტერესო ამბები გავახსენებინეთ:

 

საუკეთესო პერიოდზე: ასეთი რამდენიმე იყო და კონკრეტულად ერთს ვერ გამოვარჩევ.  თბილისის დინამო, ბაკი, ვიტ ჯორჯია, მერანი, სიონიც. ბოლნისის გუნდში იმ დროს მივედი, როცა თამაშს თავს ანებებენ. მე კი იქ სამი წელი ვითამაშე და ერთ-ერთ სეზონში საუკეთესო ვეტერან ფეხბურთელადაც დამასახელეს. 36-დან 39 წლამდე ვიყავი სიონში.

 

გამორჩეულ მატჩებზე: უცებ რაც მახსენდება, ორი თამაში. ინგლისი-საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი. სტუმრად, ინგლისში 0:0 დავასრულეთ. მაგარ მეტოქესთან. მაშინ ვლადიმერ გუცაევი იყო ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, იმ შესარჩევში იტალიას 2:0 მოვუგეთ და მეორე ადგილზე გავედით. ინგლისში ფრე კი იმითაც მახსოვს, რომ სხვებზე უმცროსი ვიყავი, ერთ-ერთი დებიუტანტი... კარგად წამივიდა თამაში. ასევე კარგად მახსენდება ინტერტოტოს თასზე მერანი-მოსკოვის ტორპედოს შეხვედრა. პირველ ნაბიჯებს ვდგამდი დიდ ფეხბურთში. ტორპედოს ძლიერი გუნდი ჰყავდა, თუმცა აქაც კარგად ვითამაშე.

 

ევროპიდან წინადადებაზე: კონკრეტულად წინადადებაზე ვერ გეტყვით, მაგრამ დაინტერესება იყო ასტონ ვილადან. სხვებისგან გავიგე, პირადად მე არავინ დამკავშირებია. ეს სწორედ ინგლისი-საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თამაშის მერე.

 

დრო იყო...: შემეძლო თამაში, მაგრამ დანებების დრო იყო. უკვე 42 წლის ვარ. არც ტრავმა, არც არაფერი. უბრალოდ, შევატყვე, რომ ძველებური მოტივაცია აღარ მქონდა. თან, სამწვრთნელო საქმიანობას სერიოზულად უნდა მივხედო. B ლიცენზიაზე შევიტანე განცხადება.