სულშერი ზაფხულისთვის ემზადება

მანჩესტერმა სკაუტი გაგზავნა 

მანჩესტერ იუნაიტედში ჟოზე მოურინიოს გათავისუფლებისა და ოლე გუნარ სულშერის დანიშვნის შემდეგ, გუნდს სასიკეთო ცვლილებები უკვე დაეტყო, ახლა კი ნორვეგიელმა სპეციალისტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც დაიწყო ზრუნვა.

 

ნათელია, რომ წითელ ეშმაკებს გაძლიერება და ფეხბურთელების დამატება აუცილებლად სჭირდებათ. ვიდრე პორტუგალიელი მანჩესტერულ კლუბს დატოვებდა, მას ცენტრალური მცველისა და ფლანგის შემტევის დამატება სურდა.

 

ეს არ შეცვლილა. სულშერის კარგად ათამაშებულ გუნდსაც კი სჭირდება განაპირა მცველი და კიდევ ერთი თავდამსხმელი.

 

შესაძლოა მანჩესტერს მომავალი სეზონიდან ახალი თავკაცი ჰყავდეს, ამიტომ ტრანსფერების განხორციელება მეტწილად სპორტული დირექტორის კისერზე გადაივლის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ედ ვუდვორდის გარდა, მანჩესტერთან ხანგრძლივი მომავალი გარანტირებული არავის აქვს, კლუბი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის დასამატებლად ემზადება.

 

ინგლისური მედიის ინფორმაციით, პრემიერლიგის ბინადარმა კლუბმა ლისაბონში, გალათასარაის წინააღმდეგ გამართულ ევროპის ლიგის მატჩზე 19 წლის ჟოაო ფელიქსზე დასაკვირვებლად სკაუტებს გაგზავნა.

 

პორტუგალიელ ტალანტს ბრიტანული მედია უკვე „ახალ კრიშტიანუ რონალდუდ“ მოიხსენიებს, არწივებს კი ვუნდერკინდის გასხვისება 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ სურთ.

 

Mirror-ის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელით პსჟ, მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, არსენალი და ჩელსი არიან დაინტერესებულნი. 

 

აღსანიშნავია, რომ ჟოაო ფელიქსსა და რონალდუს ერთი და იგივე აგენტი ჟორჟე მენდეში ჰყავთ.

 

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ბენფიკას შემტევმა პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 14 შეხვედრაში უკვე 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.