სარი: ფსიქოლოგიურად გადავიღალეთ

ჩელსის მწვრთნელს მომავლის ეიმედება

პრემიერლიგის 28-ე ტურის მთავარი აფიშა ლონდონური დერბია - ჩელსი ტოტენჰემს მიიღებს. „სტემფორდ ბრიჯზე“ ალბათ ანშლაგი იქნება, რადგან ამ გუნდების დაპირისპირება მუდამ დიდ ინტერესს იწვევს.

 

ყველაფერთან ერთად არისტოკრატებს გულშემატკივრების თვალში კონპენსაცია მართებს. გუნდი ბოლო პერიოდში აშკარად არასტაბილურად გამოიყურება და რამდენიმე დღის წინ სიტისთან ლიგის თასის ფინალიც პენალტების სერიაში წააგო.

 

„ტოტენჰემთან რთული მატჩი გველის, თუმცა მოსაგებად მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. სეზონის დასაწყისში მეტი ენთუზიაზმით და შემართებით ვთამაშობდით, შემდეგ ეს ცეცხლი სადღაც გაქრა. შეცდომებს ადრეც ვუშვებდით, თუმცა შემართების ხარჯზე მათ გამოსწორებას ვახერხებდით, ახლა კი რთული პერიოდი გვიდგას.

 

ყველაფერი ალბათ ფსიქოლოგიურად გადაღლის ბრალია. დაცვაში უფრო მეტი ყურადღება გვმართებს. თუ ამ პრობლემას აღმოვფხვრით, მაშინ სტაბილურობის განცდაც დაგვიბრუნდება“ - ამბობს ჩელსის თავკაცი მაურისიო სარი.