მამუკა ფანცულაია –ზოგიერთი მომენტი კარიერიდან

1987 წელი იყო, თბილისის დინამომ უეფას თასზე ორი ეტაპი კი გადალახა, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონატიდან ვარდებოდა... ცუდად ჰქონდა საქმე და საერთოდ, 80–იანების ბოლო წლებში დინამო სულ გადარჩენისთვის იბრძოდა.

ასეთ დღეში მყოფი დინამო სამეულში მყოფ მოსკოვის ტორპედოს მასპინძლობდა. გუშინდელივით მახსოვს ეს თამაში, ლამის ცალკარას ვეთამაშებოდით და ორჯერ თუ სამჯერ გადმოვიდნენ ცენტრს აქეთ, ორი გოლი გაგვიტანეს და 0:2 ვაგებდით. გერმან ზონინი იყო დინამოს მწვრთნელი, სადღაც მეორე ტაიმის შუაში ორი ჭაბუკი შეიყვანა შეცვლაზე. ჯერ ერთმა გაიტანა, მერე მეორემ.

 

2:2 გახდა და თუ სწორად მახსოვს, ბოლოს ძელს გავარტყით ბურთი. სტადიონიდან რომ მოვდიოდით, ყველანი სამ ჭაბუკზე ლაპარაკობდნენ: ორ ქართველზე და მესამე, ტორპედოს მეკარე დმიტრი ხარინზე. მერე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ჩელსიშიც ითამაშა.

 

სატირალი თამაში იყო. სატირალი იმიტომ, რომ ვერ მოვიგეთ. ის ჭაბუკები იყვნენ თემურ ქეცბაია და მამუკა ფანცულაია. მათ შემოსვლას ქარიშხალი მოჰყვა და თამაში აბსოლუტურად გარდაიქმნა. 

 

ფანცულაია ეროვნულ ჩემპიონატში ერთი–ორი წელი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ერთ–ერთი ბომბარდირიც გახდა პირველ სეზონში. მაშინ რუსთავის გორდაში იყო და თბილისის იბერიას (დინამოს რომ ერქვა) 30–33 მეტრიდან ცხრიანში გაუტანა. სამწუხაროა, რომ ვიდეო არ არსებობს...

 

მამუკა ფანცულაია... ამდენი წლის განმავლობაში ერთი კაციც არ შემხვედრია, მასზე ცუდი ეთქვას. წესიერი ადამიანი იყო, მეგობრული და მოკრძალებული.  

 

დაახლოებით ოთხი წლის წინ წვრთნიდა ოლიმპის ჭაბუკთა გუნდს. ოლიმპი, აი, ჯიქიას ქუჩაზე რომ ფუნქციონირებდა. ის პერიოდი იყო, როცა უკვე ანგრევდნენ სტადიონს. მხოლოდ მამუკა ფანცულაიასღა ჰყავდა ერთი გუნდი შემორჩენილი, ერთ ასაკში... საბურთალოსთან ჰქონდათ თამაში და თითო ფეხბურთელი გაუძევეს გუნდებს, ჩხუბი ატყდა და კარგად მახსოვს, მამუკა ფანცულაიამ დააშოშმინა ორივე მხარე. ავტორიტეტი, პატივისცემა...

 

„ეგეთი რამე გაგიგიათ, კაცს ფეხბურთში მუშაობა უნდოდეს და ძალით აგდებდნენ? არ მინდა არც ფული და არაფერი, სტადიონს მაინც ნუ მინგრევ. ახლა რა ვუყო ამ ბიჭებს, ქუჩაში რომ რჩებიან...“ – გულდაწყვეტილი ამბობდა.

 

მამუკა ფანცულაია 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.