გახსნის მატჩი: ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

დაიწყო საქართველოს 31–ე ეროვნული ჩემპიონატი და გახსნის მატჩში საბურთალომ 1:0 სძლია ბათუმის დინამოს.

ჩემპიონმა დამაჯერებლად ვერ ითამაშა, მეტიც, ბათუმის დინამოს პირველ ტაიმში სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ტაბლო ტაბლოა: გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა იმარჯვა. ფაქტობრივად, საბურთალომ პირველივე ასპროცენტიანი მომენტი გამოიყენა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმი ჭიაბრიშვილის გუნდმა უკეთ ჩაატარა.   

 

ჩემპიონატის პირველი გოლი მონტენეგროელმა ახალწვეულმა, ფორვარდმა ოგნიენ როლოვიჩმა გაიტანა. 25 წლის როლოვიჩი შეცვლაზე შევიდა და გეგა დიასამიძის აქტიურობის მერე, მეკარისგან დაუცველ კარში ზუსტად დაარტყა. ცნობისთვის, როლოვიჩი ალბანური კამზადან გადავიდა საბურთალოში.

 

საბურთალო – დინამო ბთ 1:0

 

გოლი: 1:0 როლოვიჩი (80)