ბოლო 15 წელიწადში პირველად

რეალის არასახარბიელო მაჩვენებელი

მადრიდის რეალს სახარბიელო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. სამეფო კლუბმა პრინციპულ მეტოქე ბარსელონასთან ბოლო სამ დღეში საშინაო არენაზე ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. ლოს ბლანკოსი ბლაუგრანასთან (0:3) მარცხით ჯერ კოპა დელ რეის გამოემშვიდობა, მერე კი ლა ლიგაში (0:1) მორიგი 3 ქულა დაკარგა.

 

მადრიდელებისთვის ასეთი მაჩვენებელი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. საქმე ისაა, რომ სამეფო კლუბმა საშინაო არენაზე ზედიზედ სამი მატჩი ბოლო 15 წელიწადში პირველად წააგო. საინტერესოა, რომ სამივე შეხვედრა რეალმა კატალონიურ მეტოქესთან დათმო - ბარსელონასთან მატჩებამდე, 17 თებერვალს გუნდი ჟირონასთან (1:2) დამარცხდა.

 

ბოლოს ასეთი რამ რეალის თავს 2004 წლის აპრილ-მაისში დატრიალდა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ რეალმა ერთ სეზონში 6 საშინაო შეხვედრა ბოლო 19 წელიწადში პირველად წააგო (1 ხულენ ლოპეტეგის, 5 კი სანტიაგო სოლარის თაოსნობით). 

 

ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი სეზონის გამარჯვებული გუნდი ლა ლიგაში 48 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ ბარსელონას 12-ით ჩამორჩება.