ფინალთცვენა ნოვი სადში

ჩემპიონობისთვის ოთხი ქართველი იჭიდავებს

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი ფალავნები ყველას და ყველაფერს თელავენ. 5 წონითი კატეგორიიდან, ოთხში ფინალში სწორედ ჩვენებური გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ვერცხლის მედლები გარანტირებული აქვთ.

 

ნუგზარ წურწუმია (55კგ) ფავორიტად მოიაზრებოდა და ფინალშიც დამსახურებულად გავიდა, სადაც რუს ვიქტორ ვედერნიკოვს დაუპირისპირდება. ჩემპიონობამდე ასევე ერთი ნაბიჯი აშორებს ზვიად პატარიძეს (130კგ), რომელიც ფინალში რუმინელ იშტვან ბერეის დაეჭიდება.

 

 

ფინალში გავიდა გურამ ხეცურიანიც (87კგ), რომელსაც ოქროს მედლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა რუსეთის წარმომადგენელ გაზი ხალილოვთან ექნება. დაბოლოს, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ასევე ლევან ქავჟარაძე (63კგ), რომლის მეტოქეც სომეხი სლავიკ გალსტიანია.

 

 

ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს ბექა მამუკაშვილი (77კგ).

 

ფინალური ბლოკი 5 მარტს საღამოს 21:00 საათზე დაიწყება.