ქართული მასტერკლასი

საქართველოს ნაკრებმა 178 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო

ის, რაც ქართველმა ახალგაზრდა ფალავნებმა ნოვი სადში გამართულ ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატზე გააკეთეს, ჭიდაობის მასტერკლასის მეტს ვერაფერს ვუწოდებთ.

 

ჯამში 7 მედალი, აქედან 5 უმაღლესი სინჯის, ხოლო თითო-თითო ვერცხლ-ბრინჯაო - ასეთია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი სერბეთში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე.

 

 

პირველ საფინალო დღეს, ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქროს მედალი დაისაკუთრეს, ხოლო ბოლოსკენ კვარცხბეკის უმაღლეს საფეხურე რამაზ ზოიძეც (72 კგ) ავიდა, რომელმაც ფინალში რუს მაგომედ იარბილოვს 7:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.

 

ეს კიდევ ყველაფერი არ ყოფილა. ქართულ ყულაბაში კიდევ ერთი მედალი ჩაჩხრიალდა. გიორგი მელია (92კგ) ჩემპიონობასთან ახლოს იყო, თუმცა ვერცხლს დასჯერდა.

 

 

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 178 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო, მეორე რუსეთი (167) იყო, მესამე კი – თურქეთი (141).