საბრალო

ბუფონის ოცნება ერთი წლითაც გადაიდო

 

შარშან, აპრილში, მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წამატებულ წუთებზე, იუვენტუსის კარში პენალტი დანიშნეს. მაშინ იუვეს მეკარე ჯიჯი ბუფონმა, მსაჯი გალანძღა და წითელი ბარათი მიიღო. კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და „ბებერი ქალბატონი“ ტურნირს გამოეთიშა.

 

მერე გამწარებულმა ჯიჯიმ არბიტრ მაიკლ ოლივერზე თქვა: ამ კაცს მკერდში გულის მაგიერ ნაგვის ვედრო უდევს. ასეთ დროს პენალტის დანიშნვა როგორ იქნებოდაო.

„გუნდმა მთელი ძალ-ღონე ჩადო თამაშში. ურთულესი შეხვედრა შემოვატრიალეთ და 93-ე წუთზე საეჭვო პენალტის დანიშვნა რა იყო. თუ ასეთ სტადიონზე ობიექტურად მსაჯობის კაცობა არ გყოფნის, ტრიბუნაზე დაჯექი ცოლ-შვილთან ერთად, სპრაიტი დალიე და ჩიფსი მიაყოლე. არ შეიძლება ერთი ჩასტვენით გუნდის ოცნება დაამსხვრიო“, - ბობოქრობდა ბუფონი. 

მერე ამ სიტყვებისთვის რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში. 

მაშინ საქმე ასე იყო: იუვემ პირველ შეხვედრაშო შინ 0:3 წააგო რეალთან. მადრიდში კი იმავე ანგარიშით უგებდა „სამეფო კლუბს.“ 93-ე წუთზე გატანილმა პენალტმა ლიგის მომავალი გამარჯვებული შემდგომ ეტაპზე გაიყვანა.

 

დაახლოებით იგივე გამეორდა ერთი წლის შემდეგაც. ოღონდ სხვა გუნდის შემადგენლობაში, სხვა მეტოქისა და სხვა მსაჯის წინააღმდეგ. უკვე ვიდეოარბიტრის ეპოქაში. წუხანდელ პსჟ - მანჩესტერს ვგულისხმობთ. იგივე დასასრული ბუფონისთვის, წამატებულ წუთებზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი, ამჯერად სლოვენიელი მსაჯის, დამირ სკომინასგან. ისევ საკამათო. მაგრამ ამჯერად ბუფონს ხმა არ ამოუღია. მეორე წელიწადია ასე დრამატულად ემშვიდობება იტალიელი მეკარე ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარ ტურნირს.

ჯიჯი იანვარში 41-ის მოიყარა და ჩემპიონთა ლიგის თასის ჩახუტება ისევ ოცნებად დაურჩა. ერთი წლით კიდევ გადაიდო. არადა, სამი ფინალი აქვს ნათამაშები.

რატომ არ ამოიღო ამჯერად ხმა? ჯერ ერთი, ეტყობა ვიდეოარბიტრს „სცა პატივი.“ 

 

მეორეც, მანამდე იყო ეპიზოდი, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა შეხვედრის საბოლოო შედეგი. მანჩესტერელთა ერთ-ერთი შეტევისას, იტალიელმა სველი ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და ლუკაკუს მეორე გოლი გაატატნინა. ამ ეპიზოდს საეჭვო თერთმეტმეტრიანზე ნაკლებ არ უმოქმედია შედეგზე და ეს ჯიჯიმ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ეგებ ამადაც გაყუჩდა დროული კარის დარაჯი.

მაგრამ, ჯიჯის კიდევ ექნება შანსი. Equipe-ს ცნობით, ბუფონს მიმდინარე კონტრაქტის ვადა წლევანდელი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მხარეებმა ის ერთი წლით ავტომატურად გაახანგრძლივეს. წყაროსვე ცნობით, არ არის გამორიცხული, კონტრაქტი 2021 წლამდეც გაგრძელდეს.


შეგახსენებთ, რომ ბუფონი იუვენტუსიდან (სადაც 2001-2018 წლებში თამაშობდა) პარი -სენ-ჟერმენში გასულ ზაფხულს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ფრანგულ კლუბში მას ჯამაგირად წლიურ 7 მილიონ ევროს უხდიან.

მიმდინარე სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში, ჯიჯიმ ექვსი გოლი გაუშვა.