მესი ბრუნდება

ბარსელონას ლიდერი ეროვნულ გუნდს დაეხმარება 

 

ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. ალბისელესტეს კაპიტანი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად, მიმდინარე თვეში, ვენესუელასა და მაროკოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში დაეხმარება.

 

რუსეთში გამართული მუნდიალის შემდეგ, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია ნაკრებიდან მესის შესაძლო წასვლის შესახებ, შემდეგ კი გაირკვა, რომ 31 წლის სუპერვარსკვლავი ეროვნული გუნდის ფორმას იქამდე არ მოირგებდა, ვიდრე ამას თავად არ მოისურვებდა.

 

ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებულს არგენტინის ნაკრებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული და 65 გატანილი გუნდით საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ფლობს. მესიმ ეროვნულ გუნდთან ერთად 3-ჯერ კოპა ამაერიკის (2007, 2015, 2016) და ერთხელ მსოფლიოს (2014)  ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, მესიმ 2008 წლის ბეიჯინგის ოლიმპიურ თამაშებზე არგენტინა გააჩემპიონა.