ტოჩის მეცამეტე ვერ შედგა

ლევან გორგაძემ ჰარუ ბაშოზე პირველი მარცხი იწვნია

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტულის დაცვა რომ გამარჯვებით დაიწყო სუმოს ქომაგებს კარგად ეცოდინება. წლის მეორე სუპერტურნირზე, ტოჩინოშინის პროგრამა მინიმუმი 8 გამარჯვების მოპოვება იქნება, რადგან იანვრის ბაშოს ჩაგდების შემდეგ ქართველი სპორტსმენი კადობანში იმყოფება და აუცილებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება ესაჭიროება.

 

ტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინმა 25 წლის იაპონელი სუმოისტი, მეორე მაეგაშირა დაიეიშო დაამარცხა, დღეს კი დოჰიოზე კვლავ ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლის - მიოგირიუს პირისპირ დადგა. 32 წლის იაპონელი სუმოისტიც მეორე მაეგაშირაა, თუმცა მანამდე სეკივაკეც იყო და ზურგს საკმაო გამოცდილება უმაგრებს. ამ დაპირისპირებამდე, ურთიერთშეხვედრებში ქართველი და იაპონელი სუმოისტის ანგარიში 12:8 გახლდათ ჩვენებურის სასარგებლოდ.

 

აშკარად ჩანს, რომ ტოჩინოშინს ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აქვს და ჩვეული ფორმაშიც არ იმყოფება, რაც მიოგირიუსთან დაპირისპირებაშიც გამოჩნდა.

 

ლევან გორგაძემ, მეტოქის კარიერაში მეცამეტედ დამარცხება ვერ შეძლო და ჰარუ ბაშოზე პირველი მარცხი იწვნია.