ხვიჩა კვარაცხელია: უბრალოდ, გახარებული ვარ

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ჰქონდა რუსულ პრემიერლიგაში. მოსკოვის ლოკომოტივმა სტუმრად 2:0 სძლია ანჟის და რკინიგზელთა მწვრთნელმა იური სიომინმა 18 წლის ქართველი შემტევი 86–ე წუთზე შეიყვანა მინდორზე. კვარაცხელიამ ცნობილი პერუელი ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა.

აი, ხვიჩას კომენტარიც ლოკოს ოფიციალურ საიტთან:

 

„მოხარული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს კარიერაში. რამდენიმე საინტერესო მომენტი იყო, გოლის გატანაც კი შემეძლო. გახარებული ვარ, რომ პრემიერლიგაში დებიუტი შედგა.

 

...სიომინმა მითხრა, რომ ფარფანის ნაცვლად შევყავდი. ბურთის მიღება და მეტოქის კარზე გამწვავება დამავალა.  რაც შეიძლება ნაკლებად უნდა დამეკარგა ბურთი და წინ მეთამაშა. ჩემთვის გასაგები იყო, მე ხომ შემტევი ფეხბურთელი ვარ.

 

...ვინერვიულე თუ არა? არა, პირიქით. ბედნიერი ვარ, რომ შანსი მომეცა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს შანსი მომავალშიც მომცენ. ვარჯიშებზე ბოლომდე დავიხარჯები. ლოკოში რეგულარულად თამაში ოცნებაა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა იქამდე მივაღწიო“.      

 

ცნობისთვის, ანჟისთან შეუცვლელად ითამაშა ლოკომოტივის მცველმა საბა კვირკველიამ.