შვეიცარიამ ლიდერი დაკარგა

საქართველოს ნაკრების მეტოქეს წამყვანი მოთამაშე დააკლდება

ევროპული და ამერიკული მედია ერთხმად იუწყება, რომ ლივერპულის თავდამსხმელი ხერდან შაქირი ტრავმირებულია და ის შვეიცარიის ნაკრებთან ერთად საქართველოში სათამაშოდ ვერ გამოემგზავრება.

შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი ეროვნული გუნდის ლიდერმა ბარძაყის სერიოზული ტრავმა მიიღო და რამდენიმე სააათის წინ ის კლინიკაში მოათავსეს.

დადასტურებულია ცნობა იმის თაობაზე, რომ შაქირი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამოტოვებს - ჯერ საქართველოსთან თბილისში, ხოლო შემდეგ საშინაო კედლებში დანიის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, შაქირი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ლივერპულს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 26 წლის შემტევმა 26 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მოაგროვა.