ფედერერი: ეს ყველაზე მეტად მაღელვებს

შვეიცარიელი 2009 წლის უიმბლდონის ფინალს იხსენებს

 

 

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა 2009 წლის უიმბლდონის ფინალი გაიხსენა, რომელშიც მან ენდი როდიკი დაამარცხა და მოგებული დიდი სლემების რაოდენობის რეკორდი დაამხო. მანამდე ამ მაჩვენებლით პიტ სამპრასი ლიდერობდა. ფინალურ მატჩს საჩოგბურთო სამყაროს ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ლეგენდა, მათ შორის თავად პიტ სამპრასი, ბიორნ ბორგი და როდ ლეივერი დაესწრნენ.

 

„მაშინ ჩემთვის ეს ძალიან უცნაური რამ იყო. ვხედავდი, რომ ფინალურ მატჩზე ახალი რეკორდის მოლოდინში ტრიბუნაზე ძალიან ბევრი ლეგენდა შეკრებილიყო. ისინი ჩემს საყურებლად მოვიდნენ და ყველას თვალები ჩემკენ იყო მომართული. რაც მე თამაშის დროს ყველაზე მეტად მაშფოთებს, არის ის, რომ დიდი ჩოგბურთელები, სპორტის ამ სახეობის ლეგენდები ჩემს საყურებლად მოდიან. ეს მე ძალიან მანერვიულებს.

 

ეს დიდებული მომენტი იყო, ამავდროულად, თავად მატჩი ენდის წინააღმდეგ ეპიკური გამოვიდა. მე მიყვარს და მადლობელი ვარ როდიკის.

 

იმ დროისთვის მირკა (როჯერის მეუღლე) ფეხმძიმედ იყო. მე ჯერ საფრანგეთის ღია პირველობა მოვიგე, შემდეგ კი უიმბლდონზე გავიმარჯვე და პიტ სამპრასის რეკორდი გავაუმჯობესე, ის ბრწყინვალე ზაფხული იყო. ის პერიოდი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მომენტთა შორის დარჩა“.-თქვა ფედერერმა.

 

20-წლიანი კარიერის განმავლობაში, 37 წლის შვეიცარიელმა საერთო ჯამში 100 ტიტული მოიგო, საიდანაც 20 დიდი სლემი გახლდათ.