მოურინიო: ზუსტად ვიცი, რაც მინდა

პორტუგალიელი ზაფხულში დაბრუნებაზე მიანიშნებს

 

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ წითელი ეშმაკებიდან გათავისუფლების შემდეგ, რთული პერიოდი უკვე დაძლია და დიდი ალბათობით, ახალ სეზონს ახალ კლუბთან ერთად დაიწყებს.

 

სამთვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც კლუბის სათავეში აღარ ვარ. მზად ვარ, რომ ამ საქმიანობას დავუბრუნდე. როცა მსოფლიო ფეხბურთის ეპიცენტრში ხარ, მუდმივად პრესკონფერენციების, მატჩების, შეხვედრების გაანალიზების, ვიდეო-განხილვის და ყოველდღიური პრობლემების გარშემო ყოფნა გიწევს, საკუთარი თავისთვის დრო აღარ გრჩება. ამიტომ, ბოლო თვეები ჩემს თავს დავუთმე და გადავიტვირთე.

 

მწვრთნელის სამუშაო განსაკუთრებულია და ეს ყველაზე მეტად მომწონს. მინდა, რომ ამ ზაფხულში დავბრუნდე, ივნისში სამსახურის და ახალი სეზონის დაწყება მსურს.

 

ახლა ზუსტად ვიცი, თუ რა არ მსურს. ბოლო თვეების განმავლობაში უკვე რამდენიმე შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ასევე ძალიან კარგად ვიცი, რაც მინდა, რომ გავაკეთო. არ შემიძლია დავასახელო სასურველი გუნდის სახელი, მაგრამ ვიცი, რომ კვლავ კლუბში დასაქმება მსურს. ვიცი, რაც მინდა და იმედი მაქვს გავაკეთებ“.-თქვა განსაკუთრებულმა.

 

პორტუგალიელი სპეციალისტი წითლებმა 2018 წლის ნოემბერში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, ჟოზეს, რომელსაც სხვადსხვა დროს ჩელსი, ინტერი, მადრიდის რეალი და პორტუ გაუწვრთნია, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.