ინგლისელები კვირკველიაში 18 მილიონს იხდიან

კვირკველია და ინგლისის პრემიერლიგა კვლავ აქტუალურია.

საბა კვირკველია შესაძლოა რუსეთის პრემიერლიგიდან ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგდეს. როგორც ლოკომოტივის ვებგვერდი იუწყება, ქართველი მცველით ვესტ ჰემია დაინტერესებული. აღნიშნული წყარო გვამცნობს, რომ ჩაქუჩები მზად არიან ჩვენებურში 18 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამ საკითხზე თავად ფეხბურთელისა და გუნდის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

შეგახსენებთ, რომ ნისლიან ალბიონზე გადასვლის შანსი საბას წინა წლის ზაფხულშიც ჰქონდა. 27 წლის ფეხბურთელს ლესტერი ეპატიჟებოდა და მელიები მზად იყვნენ მოსკოველთა უკანახაზელში 15 მილიონი გადაეხადათ, თუმცა როგორც ხედავთ კვირკველიამ ლოკომოტივში დარჩენა არჩია.

 

კვირკველია დედაქალაქურ გუნდში 2017 წლის ზამთარში ყაზანის რუბინიდან გადავიდა. იგი თავიდან იჯარის წესით ჰყავდათ გადაბირებული, თუმცა ლოკომოტივმა მისი სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. ქართველი ფეხბურთელი დღეს რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.