მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა

კონორის მოულოდნელი გადაწყვეტილება

შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა მოულოდნელად პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"სალამი ბიჭებო. მივიღე გადაწყვეტილება, რომ სპორტიდან, რომელსაც "შერეული საბრძოლო ხელოვნების" სახელით ვიცნობთ, წავიდე. მინდა ყველა ჩემს ყოფილ კოლეგას სპორტული წინსვლა ვუსურვო. ახლა კი შევუერთდები ჩემს ძველ პარტნიორებს, რომლებიც უკვე პენსიაზე გავიდნენ".-დაწერა ირლანდიელმა სპორტსმენმა Twitter-ში.

 



საკამათო იმიჯის მქონე მებრძოლი, რომელსაც სამშობლოში "არაჩვეულებრივის" ზედმეტსახელით მოიხსენიებენ, ამჟმად UFC-ს რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს. 31 წლის კონორი სპორტს ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამრით, 21 მოგებითა და 4 მარცხით ემშვიდობება.

საინტერესოა, რომ ვიდრე მაკგრეგორი სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადებდა, 2 საათით ადრე მან ჯიმი ფალონის "ღამის შოუში" რადიკალურად განსხვავებული რამ თქვა. კონორი მომავალი ბრძოლის შესახებ საუბრობდა და ამბობდა, რომ პარტნიორთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობდა: "ჩემი შემდეგი ბრძოლა ივლისში გაიმართება. უამრავი მოლაპარაკება მიმდინარეობს, ვნახოთ რა მოხდება. ჩვენი სპორტი შეშლილებისთვისაა, მაგრამ ჩემს გულშემატკივარს უკვე ვუთხარი, რომ ფორმაში ვარ და შემდეგი ბრძოლისთვის ვემზადები".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კონორი კარიერის დასრულების შესახევ აცხადებს - 2016 წელს მან Twitter-ში შემდეგი რამ დაწერა: "გადავწყვიტე, რომ ახალგაზრდულ ასაკში სპორტიდან წავიდე, მადლობა გულშემატკივრობისთვის".


კონორ მაკგრეგორი მიმდინარე თვეში პოლიციამ დააკავა და ბრალად შეიარაღებული ძარცვა და კრიმინალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობა წაუყენა.

გამოძიების მასალებში ერთი საკმაოდ უცნაური ბრალდებაც გვხვდება. პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით, რამდენიმე თვის წინ, მაკგრეგორს მაიამიში მდებარე სასტუმროდან გამოსვლისას გულშემატკივარი დახვდა და ფოტოს გადაღება სთხოვა, რა დროსაც სპორტსმენმა ფანს მობილური ტელეფონი წაართვა და ზედ ფეხებით შედგა.

 



ირლანდიელის კრიმინალური წარსული საკმაოდ ვრცელი და საიდუმლოებებით მოცულია, თუმცა ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი 2018 წლის აპრილში მოხდა. ბრუკლინში, UFC 223-ის მიმდინარეობის დროს, ბარკლაის არენას ავტო-სადგომზე, კონორი მებრძოლებით სავსე ავტობუსს დაესხა თავს, და ხაბიბ ნურმაგომედოვის ცემას შეეცადა. პოლიციამ მაკგრეგორი აიყვანა, თუმცა მან განყოფილება ამჯერადაც რამდენიმე დღეში დატოვა.

სწორედ რუს სპორტსმენთან გამართა ბოლო და სკანდალური ბრძოლა მაკგრეგორმა. 2018 წლის ოქტომბერში, ირლანდიელმა ოთხ რაუნდში წააგო, უფრო საინტერესო მოვლენები კი ოქტაგონს მიღმა განვითარდა. გამარჯვების შემდეგ, რუსი გალიიდან გადახტა და კონორის სამწვრთნელო შტაბის წევრებს თავს დაესხა, რაც ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ, ნევადის შტატის სპორტის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე აპორტსმენი დაჯარიმდა. კონორს 6-თვიანი იძულებითი შეჩერება და 50 000 დოლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო ნურმაგომედოვს ბრძოლა 9 თვით აეკრძალა და ნახევარი მილიონი დოლარის გაღებაც მოუწია.