ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება 

უმაღლესი დონის მოთამაშეები, რომელთაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურებათ 

ევროპაში საფეხბურთო სეზონი დასკვნით სტადიაშია და სატრანსფერო ფანჯარაც ახლოვდება. ზამთრის შემდეგ, უკვე უამრავი ჭორი თუ მართალი გავრცელდა ტოპ კლასის ფეხბურთელებისა და მათი ახალი კლუბების შესახებ. ედენ აზარი, ჰარი კეინი, მაურო იკარდი და კილიან მბაპე უახლოეს ზაფხულში ყველაზე ძვირად გასასხვისებელ ფეხბურთელებად მიიჩნევიან. ახლა კი, იმ უმაღლესი დონის ფეხბურთელებზე ვისაუბროთ, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან.

 

 

10. ჯეიმს მილნერი

 

უკავშირებენ: ლიდს იუნაიტედს.

 

33 წლის ფეხბურთელი მიუხედავად ასაკისა, ლივერპულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. გამოცდილ ნახევარმცველს პრემიერლიგაში უკვე 500 მატჩი აქვს ჩატარებული. ეს ყველაფერი თავად იურგენ კლოპს უკეთ მოეხსენება. მერსისაიდელებიდან წასვლის სურვილს ისიც აძლიერებს, რომ მილნერის დაბრუნება ყოფილ კლუბ ლიდსს სურს. თანაც, მარსელო ბიელსას გუნდი პრემიერლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.

 

 

9. მუსა დემბელე

 

უკავშირებენ: ინტერს, იუვენტუსს.

 

ტოტენჰემ ჰოტსპურსს ბელგიელი ნახევარმცველის შენარჩუნება უკვე დიდი ხანია სურს, თუმცა ფეხბურთელი კლუბთან ჯერჯერობით არ თანამშრომლობს. დემბელეს მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია, მისი გადაბირება იუვენტუსსა და ინტერს სურთ, არსებობს ჩინური კლუბების ინტერესებიც.

 

ერთადერთი, რაც ტრანსფერის განხორციელებას ხელს უშლის, არის ტრავმა, რომელიც დემბელემ ნოემბრის დასაწყისში მიიღო და შესაძლებელია სამედიცინო შემოწმებაში ხელი შეეშალოს.

 

 

8. ანდრეს პერეირა

 

უკავშირებენ: არსენალს, ვესტ ჰემს, ევერტონს, სანტოსს.

 

ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბს 2012 წელს შეუერთდა, თუმცა უმეტესად განათხოვრებული იყო და ძირითად გუნდში მხოლოდ 21 შეხვედრა ჩაატარა. 23 წლის ფეხბურთელს ბრაზილიაში არასდროს უცხოვრია, მაგრამ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება სურს.

 

 

7. იაჩინ ბრაჰიმი (პორტუ)

 

უკავშირებენ: ევერტონს, ვესტ ჰემს, ტოტენჰემს, ვულვზს.

 

ალჟირელი პორტუში 2014 წელს გადავიდა და იმავე სეზონში აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. პორტუგალიის ჩემპიონის ნახევარმცველს დიდ გუნდებს უკვე რამდენიმე წელია უკავშირებენ, თუმცა პრემიერლიგაში გადაბარგების რეალური შანსი ახლა ეძლევა, ვინაიდან ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება.

 

 

6. ვინსენტ კომპანი (მანჩესტერ სიტი)

 

უკავშირებენ: ბარსელონას.

 

მანჩესტერ სიტის ვეტერან კაპიტანს წინა სეზონიდან მოყოლებული ტრავმიანობს და წლეულს მხოლოდ ექვს მატჩში ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქელებს ცენტრალური მცველისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ, ბარსელონა ბელგიელის დამატებას გეგმავს. კატალონიელებს ამ პოზიციაზე სათადარიგო არჩევანი სჭირდებათ და 33 წლის ფეხბურთელი ამისთვის საკმაოდ კარგი ვარიანტია.

 

 

 

5. ადრიენ რაბიო (პსჟ)

 

უკავშირებენ: ბარსელონას, ტოტენჰემს, ლივერპულს.

 

პსჟ-ს აღზრდილი ფეხბურთელის დამატება ბარსელონას დიდი ხანია სურს და ეს ერთგვარ სატრანსფერო საგადაც იქცა. ესპანეთის ჩემპიონში გადასვლა ფრანგ ფეხბურთელსაც სურს, თუმცა კლუბი თავდაპირველად მის დათმობას არ აპირებდა და ბლაუგრანას შემოთავაზებებს არ განიხილავდა. შარშან ზაფხულისა და წლევანდელი ზამთრის ფანჯრისას, რაბიოს კარიერაში ცვლილება არ მომხდარა, რაზეც მისმა ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ რაბიო პარიზული კლუბის ტყვეობაში იყო. რაბიომ ადგილი ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგა და როგორც ჩანს, პარი სენ-ჟერმენს მასთან უფასოდ გამოთხოვება მოუწევს.

 

 

4. გარი კეჰილი (ჩელსი)

 

უკავშირებენ: ასტონ ვილას, ვესტ ჰემს, ფულემს, არსენალს.

 

კეჰილი დეკემბრიდან მოყოლებული ტრავმირებულია, თუმცა საწყის თერთმეტეულში ადგილი მას მაურისიო სარის მოსვლის შემდეგ უკვე დაკარგული ჰქონდა. ინგლისელი ცენტრალური მცველი კლუბის პოლიტიკითაც უკმაყოფილოა, რაც გამოცდილი ფეხბურთელების სათამაშო დროის შეზღუდვას ან გასხვისებას გულისხმობს. ამას ისიც ემატება, რომ ყოფილ კლუბ ასტონ ვილას და ჩემპიონშიფში უკვე დაქვეითებულ ფულემს გამოცდილი მცველი სურთ.

 

 

3. მარიო ბალოტელი (ნიცა)

 

უკავშირებენ: მარსელს, ფიორენტინას, მილანს, MLS-ის კლუბებს.

 

ექსტრავაგნტულმა იტალიელმა ფორვარდმა საბოლოო ნავსაყუდელი ვერაფრით იპოვნა. ნიცაში ჩატარებული რამდენიმე მეტ-ნაკლებად წარმატებული სეზონის შემდეგ, ბალოტელიმ ამ სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო და უგოლოდ დაასრულა. ზამთარში ბალოტელი მარსელმა იჯარის წესით დაიმატა. 28 წლის თავდამსხმელმა იანვრიდან მოყოლებული უკვე 7 გოლი გაიტანა და ახალ კლუბში თავს კარგად გრძნობს. ზაფხულში მარიო თავისუფალი აგენტი ხდება, შესაძლოა მან მარსელთან კონტრაქტი გააფორმოს ან სამშობლოს მიაშუროს. 

 

 

2. ხუან მატა (მანჩესტერ იუნაიტედი)

 

უკავშირებენ: ვალენსიას. 

 

გამოცდილ ესპანელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. წითელი ეშმაკების ახალი მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. სწორედ ამ მიზეზით, მატას ნორვეგიელის ხელში მცირე სათამაშო დრო ეძლევა. 30 წლის ფეხბურთელს ინგლისში დარჩენა და პრემიერლიგის მესამე კლუბის რიგებში გამოსვლა არ სურს, იდეალური ვარიანტი კი სამშობლოში, ყოფილ გუნდ ვალენსიაში დაბრუნება იქნება. 

 

 

1. დიეგო გოდინი (მადრიდის ატლეტიკო)

 

უკავშირებენ: მანჩესტერ იუნაიტედს, იუვენტუსს, ინტერს, მილანს.

 

მადრიდის ატლეტიკოს ცენტრალური მცველი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. როხიბლანკო ახალგაზრდა ფეხბურთელებით ძლიერდება, გამოცდილი ურუგვაელის მომავალი კი გაურკვეველია.

 

გოდინის მიმართ ინტერესი იტალიურ გრანდებს აქვთ. მათ გარდა, აქტიურობს მანჩესტერ იუნაიტედიც, რომელსაც 33 წლის ფეხბურთელის დამატება ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს დროიდან სურს.