... იმ ოჯახს აღარ უნდა, რომ დაბრუნდე

ანუ ბავშვი არსაიდან

 

დღეს კევინ დე ბრუინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. თანამედროვე ფეხბურთელის თითქმის ეტალონი. ქალაქელებმა ის 2015 წელს იყიდეს 54 მილიონ გირვანქად ვოლფსბურგიდან. დღეს კი სიტი მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.

მიმდინარე სეზონი ტრავმების გამო მთლად წარმატებული ვერ გამოუვიდა. თუმცა პეპ გვარდიოლას არა ერთხელ უთქვამს - მოუთმენლად ველით კევინის სრულ გამოჯანმრთელებასო. 

 

მანამდე კი, შესანიშნავმა ბელგიელმა, თავისი ცხოვრების საინტერესო წვრილმანები უამბო ჟურნალისტებს, რომლის ერთ ნაწილს დღეს გთავაზობთ, დანარჩენს კი ხვალ გაახლებთ.

„როცა 14 წლის ვიყავი, მივიღე გადაწყვეტილება, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. შანსი გამიჩნდა გენკის აკადემიაში მევარჯიშა და ბელგიის ერთი ბოლოდან მეორეში მარტო წავედი. ჩემი სახლიდან გენკამდე ორი საათის სავალი იყო, მაგრამ მშობლებს ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი.

პრობლემა ის იყო, რომ საკუთარ ქალაქშიც ძალიან მორცხვი ვიყავი, გენკში კი საერთოდ ბავშვი არსაიდან აღმოვჩნდი, სასაცილო აქცენტით. ძალიან მარტოდ ვგრძნობდი თავს. მხოლოდ კვირაობით გვასვენებდნენ და ამ დღეს მივდიოდი ხოლმე ოჯახის მოსანახულებლად. 


შეიძლება ვინმეს ცოტა გადარეულად ჩავეთვალე და ეთქვა: „რად გინდა ეს ყველაფერი 14 წლისას?“

 

პასუხი მხოლოდ ერთი მაქვს: როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდებოდა. ყველა პრობლემა მავიწყდებოდა. როცა ვთამაშობ ბედნიერი ვარ. თუ თქვენ ამას უცნაურობას დაარქმევთ, დაე იყოს უცნაურობა.

აკადემიაში ყოფნის პირველ წელიწადს, საერთო საცხოვრებლის ერთ პაწია ოთახში ვცხოვრობდი, სადაც მხოლოდ საწოლი და საწერი მაგიდა იდგა. მეორე წელიწადს კი ერთერთ ოჯახში გადამიყვანეს, რომელსაც კლუბი ჩემში ფულს უხდიდა. მე და კიდევ ორი მოთამაშე ერთად გადავედით ამ ოჯახში და ცხოვრებაც უფრო კომფორტული გახდა.

დიდ დროს ისევ მარტოობაში ვატარებდი და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ჩინებულად იყო. სკოლაში მოსწრებულად ვსწავლობდი, ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი. არანაირი ჩხუბი ან სხვა კონფლიქტური სიტუაციები.

წლის ბოლოს ბარგს მოვკიდე ხელი და ოჯახს დავემშვიდობე. მათ მითხრეს: კარგ ზაფხულს გისურვებთ. არდადეგების შემდეგ შევხვდებითო. მაგრამ როცა შინ დავბრუნდი და სახლის კარი შევაღე, დედა ატირებული დამხვდა. ვიფიქრე ვინმე ხომ არ გარდაიცვალა, მეთქი. 

 

რა ხდება?  - ვკითხე დედას. და მან წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც, ალბათ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.

დედამ მითხრა: იმ ოჯახს აღარ  უნდა, რომ დაბრუნდე.

-რას ამბობ, რატომ?

-იმისათვის, ვინც ხარ. ამბობენ, რომ ძალიან წყნარი ხარ და შენთან საერთოს ვერ პოულობენ. ამბობენ, რომ რთული ბავშვი ხარ.

შოკში ჩავვარდი. ძალიან პირადულს შეეხნენ. იმ ოჯახს მსგავსი რამ ჩემთვის არასოდეს უთქვამს. ჩემს ოთახში ვიყავი ხოლმე და არავის ვაწუხებდი. დამშვიდობებისასაც ხელი ისე დამიქნიეს, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. გამოდის, მერე კლუბს აცნობეს, რომ აღარ ვუნდივარ...

 

ეს დიდი დარტყმა გახლდათ ჩემი კარიერისთვის, იმიტომ, რომ გამორჩეული არაფრით ვიყავი და ეტყობა კლუბისთვისაც პრობლემად ვიქეცი. მათ მშობლებს მისწერეს, რომ სხვა ოჯახს ჩემში ფულს აღარ გადაუხდიდნენ. ისევ საერთო საცხოვრებელში დავბრუნდი, რომელიც პრობლემური ბავშვების სამყოფელს უფრო ჰგავდა.

მახსოვს როგორ ტიროდა დედა. გაბრაზებულმა ბურთს დავავლე ხელი, გარეთ გავიქეცი და მარტომ დავიწყე თამაში. ერთი ფრაზა არ ამომდიოდა თავიდან: „იმისთვის, ვინც ხარ.“ 

 

კარგა ხანს  ვურტყამდი ბურთს ღობეს, შემდეგ კი ხმამაღლა წამოვიძახე: „ყველაფერი კარგად იქნება. ორ თვეში გენკის პირველი გუნდის ფეხბურთელი გავხდები. არაფრით დავბრუნდები შინ წარუმატებელ ადამიანად, არაფრით.“

...