პოლონეთში დინამოს სანახავად ხალხი ხეზე ადიოდა (+video)

ეს ვიდეო 1951 წელს ჩატარებული მატჩისაა. 1955 აწერია შეცდომით. 51–ში თბილისის დინამომ ტურნე ჩაატარა პოლონეთში და ერთ–ერთ შეხვედრაში 2:0 მოუგო ვარშავის ლეგიას.  ნახეთ, რა ხდება ვარშავის სტადიონზე და სად ზის ხალხი. ხეებზე, ტაბლოზე...

დინამომ, რომელსაც მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა, ამ შემადგენლობით ითამაშა: მარღანია, ელოშვილი, სარჯველაძე, ძიაპშიპა, პანიუკოვი, გაგნიძე, ანთაძე, ვარდიმიადი, ღოღობერიძე, თოდრია

 

გოლები პირველ ტაიმში იური ვარდიმიადიმ და ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანეს. გუნდის ლიდერი კი ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე გახლდათ.    

 

ნერვული თამაში იყო, ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნებს ისროდნენ და რამდენიმე პოლონელი ფანი დაუპატიმრებიათ კიდეც. პოლონეთი, როგორც იცით, სოციალისტური სახელმწიფო იყო და საბჭოეთიდან ჩასული გუნდის შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ცალ ყურში არ გაატარებდნენ.  

 

სხვათა შორის, დინამომ პოლონეთში 4 მატჩი ჩაატარა და აქედან სამში მთავარი მსაჯი ქართველი ნესტორ ჩხატარაშვილი იყო. ჯამში დინამოელებმა 3 შეხვედრა მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. 

 

 

იმ ტურნეზე, კიდევ ერთ–ერთ შეხვედრაში დინამომ კრაკოვის გვარდიას (ახლა ვისლა რომ ჰქვია) 3:0 აჯობა. გოლები ავთანდილ ჭკუასელმა, ვარდიმიადიმ და ღოღობერიძემ შეაგდეს. 

 

მოკლედ, ადრე დინამოს თამაშის სანახავად ხალხი ხეებზე ადიოდა, ახლა კი... შედარებაც უხერხულია.