ღირსეული სონი

26 წლის ფეხბურთელის მშობლიურ რეგიონს კატასტროფა თავს რამდენიმე დღის წინ დაატყდა

„ტოტენჰემის“ შემტევი, ჰიონ-მინ სონი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად „დეზების“ მოთამაშემ გულშემატკივრების პატივისცემა დაიმსახურა.

 

საქმე ჰიონ-მინ სონის მიერ გაწეულ ქველმოქმედებას ეხება. მან სამხრეთ კორეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად 100000 ფუნტი გამოყო.

 

26 წლის ფეხბურთელის მშობლიურ რეგიონს კატასტროფა თავს რამდენიმე დღის წინ დაატყდა. ხანძრის შედეგად 135 სახლი დაიწვა და ორი ადამიანი დაიღუპა.

 

 

ხანძრის განეიტრალების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ჰიონ-მინ სონის მიერ გამოყოფილი თანხა სიტუაციის გამოსწორებას მოხმარდება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამხრეთ კორეელმა უცხოურ გამოცემებთანაც ისაუბრა და განაცხადა:

 

„ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც დაზარალებულებმა გადაიტანეს. მართალია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, მაგრამ ვიცი ჩემს სამშობლოში რა ხდება. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ მსგავსი რამ ყოველთვის გავაკეთო, როცა სამხრეთ კორეაში კატასტროფა დატრიალდება. ფული მთავარი არაა. მთავარია დაზარალებულთა დასახმარებლად რაღაც მაინც გაიღო“.