Youtube და სვირინგი ფეხზე

უკვდავყოფის უცნაური გზა

რივერ პლეიტის  ქომაგმა ფეხზე ბარკოდი ამოისვირინგა, თუმცა არ გაუმართლა...

 

2018 წლის ბოლოს არგენტინული  რივერ პლეიტი კოპა ლიბერტადორესის ტრიუმფატორი არსებობის განმავლობაში მეოთხედ გახდა.

 

რივერმა გადამწყვეტ შეხვედრაში „ბოკა ხუნიორსი“ დაამარცხა. როგორც მოგეხსენებათ ორივე მატჩი ფრედ დასრულდა და  რივერ პლეიტმა  დამატებით დროში გატანილი გოლების წყალობით იმარჯვა.

 

რივერის  გულშემატკივრებს ეს ჩემპიონობა არასდროს დაავიწყდებათ. სანუკვარი თასის მოპოვებასთან ერთად მათ ფინალში მოსისხლე მტერს სძლიეს.

 

არგენტინული კლუბის ერთ-ერთმა ქომაგმა საყვარელი გუნდის წარმატების უკვდავსაყოფად საკმაოდ უცნაურ გზას მიაგნო. მან ტატუ გაიკეთა და ფეხზე ბარკოდი ამოისვირინგა, რომლის სმარტფონით სკანირების შემთხვევაშიც  რივერის  მიერ ფინალურ მატჩში  ბოკას კარში გატანილი გოლების ამსახველი ვიდეო ირთვება.

 

მისდა სამწუხაროდ ყველაფერი ამაო გამოდგა. BBC-ის ცნობით Youtube-მა ვიდეო საავტორო უფლებების დარღვევის გამო დაბლოკა.