საკმარისია!

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა 

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია პრემიერ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეებს მოუწოდებს 24 საათით სოციალურ ქსელებს ბოიკოტი გამოუცხადონ და ამ გზით ინტერნეტსივრცეში არსებული რასიზმი გააპროტესტონ.

 

ფეხბურთელთა ასოციაცია დენი როუზს, ეშლი იანგს, რაჰიმ სტერლინგს და კიდევ სხვა მოთამაშეებს მხარდაჭერას უცხადებს და სურს სოციალური ქსელების მფლობელმა კომპანიებმა საკუთარ თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.

 

Enough ანუ საკმარისია -  კამპანიის სახელი ასე ჟღერს და ბოიკოტი სტარტს ხვალ აიღებს. ფეხბურთელთა ასოციაციის ინიციატივას რამდენიმე ვარსკლავი უკვე შეუერთდა. მათ შორის დენი როუზი, ვეს მორგანი, კრის სმოლინგი, რაჰიმ სტერლინგი და ტროი დინი არიან.


 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში "ნისლიან ალბიონზე" ფეხბურთელებს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფას უფრო და უფრო ხშირად აყენებენ. უკანასკნელი მსხვერპლი "მანჩესტერ იუნაიტედის" უკანახაზელი ეშლი იანგი გახლდათ.

 

ინიციატივასთან დაკავშირებით პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა:

 

"ბოლო თვეების განმავლობაში, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა. ბოიკოტის მიზანია აჩვენოს, რომ მოთამაშეები ერთად დგანან და სოციალური ქსელების მფლობელებსა და ფეხბურთის მმართველ ორგანოებს აქტიური ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდოს".