ჰოლანდიისთვის!

აიაქსს ერედივიზიონი ეხმარება

ამსტერდამის აიაქსის ამ ფორმაციის გუნდი ისტორიას წერს. მონატრებული ფეხბურთის დაბრუნებისა და ევროპული გრანდების გათამაშებიდან გამოთიშვის შემდეგ, ჰოლანდიური გუნდი ტრიპლეტის მოგებისკენაც ამბიციურად მიიწევს.

ერიკ ტენ-ჰაგის გუნდი ჰოლანდიის თასის ფინალშია, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ერედივიზიონშიც ლიდერობს. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გასასვლელად აიაქსს მეტოქეობას ტოტენჰემი გაუწევს.

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ლონდონელი მეტოქისთვის უკეთ მოსამზადებლად ამსტერდამულ კლუბს ერედივიზიონის 33-ე ტურის მატჩი გადაედება.


აიაქსს 28 აპრილს გრაფსხააპის წინააღმდეგ სტუმრად უნდა ეთამაშა, თუმცა მატჩი 15 მაისისთვის გადაიდო.

 



"ჩვენი მიზანია, რომ ჰოლანდიურ კლუბებს ევროპაში წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. გვესმის, რომ მატჩების გადადება ყველა კლუბისთვის სასიამოვნო არ არის, თუმცა ჩვენ არა კონკრეტულად აიაქსს, არამედ ჰოლანდიური კლუბების ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას ვუწყობთ ხელს",-ნათქვამია ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

აიაქსი და პსვ 74 ქულით ჩემპიონატს ლიდერობენ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით ცხრილში პირველი აიაქსია.