კარასკოს გრანდები იწვევენ

ბელგიელ შემტევს ორი გრანდი ეპატიჟება. ცნობილია, რომ ევროპაში დაბრუნება თავად ფეხბურთელის სურვილიცაა

იანიკ კარასკოს ევროპაში დაბრუნება უნდა. იგი ამჟამად ჩინური დალიან იაფინის ღირსებას იცავს და გუნდიდან წასვლა სურს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ბელგიელ შემტევს მილანი და არსენალი ეპატიჟებიან.

 

კარასკო ჩინეთში 2018 წლის თებერვალში ატლეტიკოდან გადავიდა. დღემდე მან აზიელთა მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას იანიკის გადაბირება მანჩესტერსაც უნდოდა, თუმცა ფეხბურთელს გუნდი არ შეუცვლია.

 

მილანი სერია ა-ში 55 ქულით მე-4 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში გასასვლელად იბრძვის, რაც შეეხება არსენალს, მეთოფეებს პრემიერლიგაში 66 ქულა აქვთ და მე-4 პოზიციას იკავებენ. გარდა ამისა ლონდონელები ევროპის ლიგის 1/2 ფინალშიც არიან და აღნიშნულ ატაპზე ვალენსიას დაუპირისპირდებიან.