გასახდელში ჩაკეტილი მანჩესტერი

ამბობენ, გუნდში არსებული სიტუაცია მოურინიოს დროინდელს ემსგავსებაო

მანჩესტერ იუნაიტედმა წაგებებს ისევ მოუხშირა. მას შემდეგ, რაც გუნდში ოლე გუნარ სულშერს დროებითი მწვრთნელის სტატუსი შეუცვალეს და მას 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, წითელმა ეშმაკებმა 6 თამაში წააგეს, რომელთა შორის ყველაზე სამარცხვინო პრემიერლიგაში ევერტონთან 0:4 მარცხი იყო.

 

რა გასაკვირია, რომ მატჩის შემდეგ მანჩესტერელთა გასახდელში კარგი არაფერი ხდებოდა. როგორც პოპულარული Daily Mail-ი გვატყობინებს, ფეხბურთელებს შორის ხმამაღალი ლაპარაკი იყო და წაგებას ერთმანეთს აბრალებდნენო. სულშერმაც გუნდი გასახდელში საათნახევარი ჩაკეტა და ფეხბურთელებთან გულახდილთან ერთად საკმაოდ მკაცრი საუბარი ჰქონდაო.

 

ბრიტანული გამოცემა ასევე წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედში არსებული ამჟამინდელი სიტუაცია დიდად არ განსხვავდება მოურინიოს დროინდელისგანო, როდესაც გუნდში აშკარად არაჯანსაღი მდგომარეობა იყო. სამწვრთნელო შტაბის ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ ნორვეგიელ სპეციალისტსაც შესაძლოა კარისკენ მიუთითონო, მიუხედავად იმისა, რომ სულშერი გულშემატკივრებში დიდი სიყვარულით სარგებლობს.

 

წითელი ეშმაკები სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩებიან.