მესი პლაჟზე

20 წლის ფოტოს ისტორია

 

არგენტინულმა ლე კაპიტალმა 20 წლის წინანდელი ის ფოტო მოიძია და გამოაქვეყნა, რომელზეც ლეო მესი და მისი მეუღლე ანტონელა რაკუცო გახლავთ აღბეჭდილი. 

 

 

ფოტო 1998 წლის იანვარში, არგენტინულ საზღვაო კურორტ მარ დელ პლატაშია გადაღებული. ნუ გაიკვირვებთ,  აქაური ზამთარი ხომ არგენტინული ზაფხულია...

ზღვისპირა ქალაქში მესი და მისი ნიუელზ ოლდ ბოიზი პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ. ანტონელა კი ზღვაზე მშობლებთან ერთად თავისი ბიძაშვილის ლუკას სკალიოს საქომაგოდ ჩასულიყო, ვინც მესის თანაგუნდელი გახლდათ. იმ დროისთვის ანტონელა და მესი უკვე მეგობრობდნენ. 

 

 

გაზეთი წერს, რომ ის ხსენებული ტურნირი სწორედ ნიუელზს მოუგია და თასისკენ გზაზე ბოკა, რივერი და ველესი ჩამოუცილებია. მარ დელ პლატას ტურნირი 1999 წელსაც  გაიმართა, თუმც მესის აღარ უთამაშია. ხელის ძვალი ჰქონდა მოტეხილი, მესის გარეშე კი გუნდი ნახევარფინალში დამარცხებულა. 

ბრუნო ვერდენელი, ლე კაპიტალის ჟურნალისტი წერს, რომ აღნიშნული ფოტო მას მესის მაშინდელმა თანაგუნდელმა და ახლა უკვე მისმა მეგობარმა მატიას პეჩემ მიაწოდა. თავად პეჩე არქივში თავისი ძველი მეგობრის ფრანსისკო ლიდუენის ფოტოს ეძებდა, როცა  გვერდი-გვერდ ჩაცუცქული მესი და მისი გულის ვარდი აღმოაჩინა....

რას წარმოიდგენდა მავანი ფოტოგრაფი ვის ფოტოს იღებდა, ან ის პეჩე და ანტონელას ბიძაშვილი, ვისთან ერთად ბურთაობდნენ.