ნინო სალუქვაძემ მეცხრეს მოარტყა

ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

21 აპრილს, პეკინში პნევმატური იარაღიდან სროლაში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო, რომელიც 29 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირში საქართველოს ნაკრები 4 ტყვიის მსროლელით წარსდგა.ჩინეთის დედაქალაქში სახელოვანი ნინო სალუქვაძე, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლიზი კილაძე, ვაჟებში კი ლევან ქადაგიძე და ცოტნე მაჭავარიანი გაემგზავრნენ.

 

დღეს კი პეკინიდან სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ. ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ამის გაკეთება, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა და უდავოდ ტიტულოვანმა სპორტსმენმა პირველივე ჯერზე მოახერხა.

 

 

სალუქვაძე 578 ქულით ფინალში შევიდა, იქ კი 176,9 ქულაც დაამატა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა, რაც ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.

 

ნიშანდობლივია, რომ ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს ოლიმპიადა რიგით მეცხრე იქნება.