ლივერპული სასწაულის იმედად

სიტის რეკორდი, მოგებული დერბი და ტიტულის დაცვის მშვენიერი შანსი

აბა ვინ წარმოიდგენდა, ლივერპულის ქომაგები თუ მანჩესტერ იუნაიტედს უგულშემატკივრებდნენ, თუმცა პრემიერლიგის მოგების საუკეთესო შანსმა და ცხრილში არსებულმა უკიდურესმა კონკურენციამ ესეც მოიტანა.

მერსისაიდელებს 35 ტურის შემდეგ, 88 ქულა ჰქონდათ, რაც მათთვის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო, თუმცა არასაკმარისი. არასაკამრისი იმისთვის, რომ მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ სიტისთვის ეჯობნათ, მინიმალური უპირატესობით წინ არ გაეშვათ და იძულებული არ ყოფილიყვნენ მოსისხლე მტრისთვის მხარი დაეჭირათ.

თუმცა რა გაეწყობა, ყველა, ვისაც თავი სქაუზერად მიაჩნია, ტელეეკრანებს მიუსხდა და მანჩესტერულ დერბიში წითელი ეშმაკების გამარჯვებას უგულშემატკივრა. თვით ჯეიმი კარაგერმაც, რომელმაც Sky Sports-ის სტუდიიდან ქომაგთა ნაწილი გაახალისა, ნაწილი კი გააღიზიანა.

 



მოკლედ, ლივერპულს მანჩესტერის მოგება ან სულ მცირე ქულის აღება სურდა, თუმცა აბა მტერი სხვა რაღაა, თუ მეტოქეს გული გაუხარა. არადა, გამარჯვება თავად მანჩესტერსაც სჭირდებოდა, წითლების მიზანი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა, უშუალო კონკურენტების მარცხმა კი სულშერის გუნდს გზა გაუხსნა.

მიღებული შანსით იუნაიტედმა ვერ ისარგებლა და ოლდ ტრაფორდზე სიტისთან ზედიედ მეორედ შერცხვა - 0:2.

პირველი ნახევარი გუნდებმა შედარებით ფრთხილად გაატარეს, მეორე ტაიმიდან კი გვარდიოლას მანქანა ამუშავდა.

ანგარიში ბერნარდო სილვამ გახსნა. პორტუგალიელმა ბურთი ილქაი გიუნდოგანისგან მიიღო, ბრწყინვალე ფინტით ლუკ შოუ მოატყუა და დავიდ დე ხეას კარი პირველად აიღო.

 



ესპანელი მეკარე ფორმაში რომ არ არის, ეს ბოლო მატჩებში კარგად გამოჩნდა. დე ხეამ საკუთარი გულშემატკივრების წინ კიდევ ერთი სირცხვილი 66-ე წუთზე ჭამა, როცა ახლო კუთხეში ლეროი სანეს დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა.

 



სასურველი ანგარიშის დაფიქსირების შემდეგ, სიტის ბურთის ფლობითა და სტატისტიკით თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გვარდიოლას ბიჭებმა ოლდ ტრაფორდის მინდორზე ისეირნეს, "საყვარელი" მეტოქე კი უშანსოდ დატოვეს.

მანჩესტერს ვერც შეტევის გაძლიერებამ და მოედანზე შემოსულმა მარსიალმა, სანჩესმა თუ ლუკაკუმ უშველა და პრინციპულ მეტოქესთან ბოლო ოთხიდან მესამე მატჩი წააგო. გარდა ამისა, სიტი ის გუნდი შეიქმნა, რომელმაც ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერს ყველაზე მეტი შეხვედრა მოუგო.

საინტერესოა ისიც, რომ გვარდიოლას ბიჭებმა ყველა ტურნირის ჯამში, ამ სეზონში 157 გოლი გაიტანეს და ინგლისური კლუბების რეკორდი გააუმჯობესეს. აქამდე არსებული საუკეთესო შედეგიც სიტის ეკითვნოდა (156 - 2013/14 წლების სეზონში).

 



სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ისე დალაგდა, რომ მოქმედი ჩემპიონი 89 ქულით ლიდერია, იუნაიტედი კი 64 ქულითა და მეექვსე პოზიციით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. აი ლივერპულს რაც შეეხება, კლოპის შეგირდებს სამივე მატჩის მოგებისა და სასწაულის მოლოდინის გარდა, არაფერი დარჩენიათ. ტიტულზე ფიქრი მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგიდანაც შეუძლიათ, თუმცა იოლი გასეირნება ლივერპულს არც ნოუ კამპზე ელის...