დაუჯერონ კლოპს

ორი მატჩი დასჭირდა ნორვეგიელს მწვერვალიდან მიწაზე დასანარცხებლად

ის რაც ახლა ოლე გუნარ სულშერს დაემართა, ჩვენთვის კარგად ნაცნობია. ბოლო მაგალითი - ერთა D ლიგა როცა მოვიგეთ. გვეგონა რაღაც შეიცვალა, ჩვენი სტილი ვიპოვნეთ, ჩვენი დროც დადგა და მისთანები. მართალია, გადაჭარბებები არ ყოფილა, მაგრამ გულის სიღრმეში  დავიჯერეთ, რომ ჩვენს ფეხბურთში ახალი ეპოქა დადგა. მაგრამ დაიწყო მორიგი შესარჩევი ციკლი და ისევ ძველ ადგილზე დაგვაყენეს. არაფერი ახალი. ისევ გაურკვევლი ტაქტიკა, ისევ თვალში საცემი უსუსურობა.


 

უსუსურობა ვახსენეთ და ასეთი იყო ოთხშაბათს მანჩესტერ იუნაიტედი. ეს ალბათ მანკუნიანელთა ყველაზე სუსტი მატჩი იყო სულშერის დაბრუნების შემდეგ. შესაძლოა, ვინმე შემეკამათოს, მაგრამ არ მგონია დიდად ვაჭარბებდე.

ორი მატჩი დასჭირდა ნორვეგიელს მწვერვალიდან მიწაზე დასანარცხებლად. პირველი იყო პარი სენ-ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგაში საოცარი გამარჯვება. მეორე - სიტისთან საშინაო მარცხი.

პირველ შემთხვევაში სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქა გაიხსენეს, ეგეთებს მაშინ ხშირად იგებდნენო. სულშერს ხუმრობით „ბავშვისსახიანი მკვლელი“ დაარქვეს, სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმეს. გარი ნევილმა ისიც კი თქვა - ამ კაცს ძეგლი სად დავუდგათო. მოურინიუ კი მასხარად აიგდეს.


 

მეორე შემთხვევაში სულშერს „ბავშვისსახიანი ფიზკულტურის მასწავლებელი“ უწოდეს და თქვეს - ასეთი უსუსური იუნაიტედი არასოდეს ყოფილა, მოურინიუს დროსაც კიო. ნორვეგიელმა როგორც ყოველთვის, მოკრძალებულად თქვა: ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ უფრო ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდითო.

ამას მოჰყვა : „წადი შენს მიოლდეში,“ „კონტრაქტი ტყუილად გაგიფორმეს“ და მისთანები.

ვფიქრობთ, ორივე ინტერპრეტაცია არასწორია.


 

სამი წლის წინათ, ლივერპულში მისვლისას, იურგენ კლოპმა თქვა: ჯობს წავაგო, თუკი მარცხის მიზეზი მეცოდინება, ვიდრე მოვიგო და არ ვიცოდე როგორ გავიმარჯვეო. 

ეს ფრაზა სრულად გადმოგვცემს გერმანელი სპეციალისტის საფეხბურთო ფილოსოფიას და ღირსებას. გიჟმაჟის და ჰარდ როკერის ჰაბიტუსის უკან რეალური კლოპი იმალება - ღრმა ანალიზის შემძლე სტრატეგი, რომელიც არასოდეს კარგავს რეალობის შეგრძნებას.

სულშერის შემთხვევაში კი სამი შემთხვევითი გოლი და გამარჯვება პარიზში. მას ახალი ფერგიუსონი უწოდეს ყოველგვარი ანალიზის გარეშე. ახლა მარცხი სიტისთან და უკვე „ფიზკულტურის მასწავლებელი“ გახდა ასევე დუკვირვებლობისა და რეალური სიტუაციის არგათვალისწინების კვალად.


 

არადა, რომ დავუკვირდეთ, მცდარი ტაქტიკა არ აურჩევია. იცის თავისი მოთამაშეების შესაძლებლობები. ხუთი მცველით ითამაშა. აქედან ერთი, ვთქვათ, დარმიანი ან ლინდელოფი ხშირად ეხმარებოდნენ ნახევარმცველებს. პრესინგიც მკაცრი იყო. დაცვის ხაზიც საკმაოდ „ასული“ გახლდათ ცენტრისკენ, რაც მეტოქის შორეული დარტყმების ალბათობას ამცირებდა.

უბურთოდაც კარგად ირჯებოდნენ. ფლანგებზეც ფრთხილობდნენ და ამიტომაც იყო, სწრაფ სილვასა და სტერლინგს საჯარიმოში შეღწევა რომ უჭირდათ. ასეთი ტაქტიკა სულშერს ალბათ მომავალშიც გამოადგება.


 

სხვა საქმეა მეორე ნახევარი, როცა „ქალაქელებმა“ მთელი სიმძლავრეები ჩართეს და მაშინვე გამოჩნდა რამდენად აღემატებოდნენ მასპინძლებს. ამიტომაც თქვა სულშერმა: ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ უფრო ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდითო.

დაუჯერონ კლოპს...