ტუალეტის მწმენდავი მილიონერი ვარსკვლავი

იამაიკაში ნანტრი სააბაზანოს ბრილიანტებიანი ნიჟარა და ვერცხლის უნიტაზი

ნოემბრის დასაწყისში, სიტიმ რაჰიმ სტერლინგთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა და ქომაგებმაც ამოისუნთქეს. ბოლო დროს ბრიტანული ტაბლოიდები წერედნენ, რაჰიმი ხელფასის გაორმაგებას ითხოვსო.

 

ამასობაში, ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, ინგლისელით მადრიდის რეალი არის დაინტერესებული და მის გადასაბირებლად ნებისმიერ თანხას იხდისო. სიტიში დაფიქრდნენ და სტერლიგს  ჯამაგირად კვირაში 300 ათასი გირვანქა დაუნიშნეს. The Times-ის ინფორმაციით, ეს სიდიდით მეორე ხელფასია კლუბში კევინ დე ბრუინის შემდეგ (350 ათასი).ქალაქელ შეიხებს არ უკვირთ სტერლინგის ფულისადმი ასეთი დამოკიდებულება.

 

 

აბა, გავიხსენოთ, სამი წლის წინ ის ლივერპულის ხელმძღვანელობას აშანტაჟებდა. კვირაში 35 ათასიდან 175 ათას გირვანქამდე ჯამაგირის გაზრდას სთხოვდა. მერსისაიდელთა მამებმა წაიძუნწეს, შედეგად კი სტერლინგი სიტიში აღმოჩნდა.

 

ახლა როგორ ხარჯავს რაჰიმი ფულს? ევრო 2016-ზე ჩავარდნის შემდეგ, The Sun-მა აღმოაჩინა, რომ სტერლინგმა თავის შეყვარებულთან ერთად აიწყვიტა. წყვილი ინგლისიდან ჯერ ლოს ანჯელესში გაფრინდა, შემდეგ კი იამაიკაზე. ამისათვის სტერლინგმა კერძო თვითმფრინავი დაიქირავა 50 ათას გირვანქად, გზად ისინი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების უძვირეს ლუქს ნომრებს არ იკლებდნენ. მის ძვირფას მანქანებს ხომ თვლა არ აქვს. 10-12 უძვირესი ავტო ჰყავს.

 

 

ლივერპულში ყმაწვილი 300 ათასიან კოტეჯში ცხოვრობდა.სიტიში გადასვლის შემდეგ კი 1.2 მილიონიანი სახლი იყიდა. დახურული აუზითა და საკალათბურთო მოედნით. დედას 2 მილიონიანი სასახლე შეუძინა, მაგრამ ცუდ დროს, ევრო 2016-დან გამოვარდნისას წარადგინა, სააბაზანოს ბრილიანტებიანი ნიჟარით და ვერცხლის უნიტაზით, რომელმაც მთელი ინგლისი აღაშფოთა.

 

ბრენდან როჯერსი, ლივერპულის ყოფილი დამრიგებელი, დარწმუნებულია, რომ დიდი ხელფასები რაჰიმს ყრვნის. „ფული ცვლის ადამიანებს. მე გუნდში სტერლინგი მყავდა, რომელიც კვირაში 2 ათას გირვანქას იღებდა გასამრჯელოდ. ყველანაირად ვცდილობდი მისთვის მეტი არ გადეხადათ, ვიცოდი, სხვანაირი გახდებოდა. ახლა ის განებივრებულ ბავშვს მაგონებს.“ - ამბობს როჯერსი. თუმცა, თუ სტერლინგის ბავშვობას გავიხსენებთ, მისი ქცევა უფრო გასაგები გახდება.

 

 

ის იამაკის დედაქალაქ კინგსტონის კრიმინალურ გარეუბანში დაიბადა. მთავარი გასართობი ფეხბურთის თამაში იყო, თუმცა თამაშს ხშირად წყვეტდნენ ხოლმე, იმიტომ, რომ ქუჩაში დიდი სროლა იწყებოდა. ერთ-ერთი ასეთი სროლის დროს მოკლეს რაჰიმის მამა.დედა - ნადინი, ოთხი შვილით მარტო დარჩა. მიხვდა, რომ ოჯახს ვერ გამოკვებავდა. ბავშვები ბებიას დაუტოვა და თვითონ ინგლისში წავიდა საშოვარზე. იქ სასტუმროში დამლაგებლად მოეწყო და სამ წელიწადში შვილებიც წაიყვანა. ოჯახი უემბლის სტადიონის სიახლოვეს დასახლდა. რაჰიმი უფროს დასთან ერთად ყოველდღე ეხმარებოდა დედას. დილის 5 საათზე იღვიძებდა და სასტუმროში მიდიოდა, სადაც ტუალეტებს და ბინძურ თეთრეულს წმენდდა. სტარლინგი ამ დროს ხუთი წლის იყო. ამ სამუშაოს ერთი პლუსი ჰქონდა. დამთვრების შემდეგ ნადინი ბავშვებს უფლებას აძლევდა დერეფანში მდგომი აპარატებიდან ცოტაოდენი ტკბილეული დაეგემოვნებინა. არადა, ნადინს საათში მხოლოდ 7 გირვანქას უხდიდნენ. რაჰიმს ძმასთან ერთად ეძინა, ცალკე საწოლის შეძენის საშუალება არ ჰქონდათ.

 

და ნადინმა ალბათ ცხოვრებაში ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო - 9 წლის რაჰიმი ქუინზ პარკის აკადემიაში შეიყვანა, რომელიც ლონდონის მეორე ბოლოში მდებარეობდა. უფროს დას ის ფეხბურთზე მიჰყავდა, ელოდებოდა და უკან მოჰყავდა.

 

 

ასე გაგრძელდა სანამ რაჰიმმა დამოუკიდებლად არ დაიწყო ტრანსპორტით მგზავრობა.ოჯახს გამუდმებული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ისინი ხშირად იცვლიდნენ მისამართს.ზოგჯერ გადაუხდელობის გამო აგდებდნენ კიდეც ბინიდან. სტერლიგი იხსენებს: „ერთხელ ვარჯიშიდან ვბრუნდებიოდი, როცა დედის SMS მივიღე, ახალი მისამართით. სანამ ვვარჯიშობდი, ახალ ბინაში გადასულიყვნენ.“

 

თუმცა საყოფაცხოვრებო პრობლემები ყმაწვილ რაჰიმს საფეხბურთო წინსვლაში ხელს არ უშლიდა. 15 წლისა უკვე ქპრ-ის ძირითდის მოთამაშე იყო. ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს, რომლის შეამადგენლობაში თბილისშიც მოუწია შესარჩევ მატჩში მონაწილეობა, ქართველი თანატოლების წინააღმდეგ. ამასობაში, დედა დამლაგებლად მუშაობას აგრძელებდა. ეს 2010 წლამდე გაგრძელდა, სანამ რაჰიმმა ლივერპულთან არ გააფორმა კონტრაქტი. ფინანსურ გაჭირვებაზე უკვე შეეძლოთ აღარ ეფიქრათ.

 

 

ახლა სტერლინგი დიდძალ ფულს ხარჯავს მანქანებზე, ქალებზე და გართობაზე. თუმც ოჯახის წევრებსაც არ ივიწყებს. „დედამ და დამ ლამის სიცოცხლე შესწირეს ჩემს ფეხბურთლობას დაახლა ჩემი ჯერი დადგა“, - ამბობს ის. დედამისი მოხუცთა თავშესაფრის დირექტორად მუშაობს, მაგრამ ეს გართობა უფროა, ვიდრე სამსახური.

 

როგორც ზემოთ ვთქვით, ორი წლის წინათ რაჰიმმა მას 2 მილიონიანი სასახლე აჩუქა ლონდონის გარეუბანში. წლეულს თებერვალში დას გაუკეთა სიურპრიზი - დაბადების დღეზე უძვირფასესი სახლი უყიდა.ზოგი მას ძალიან ძუნწ ადამიანად თვლის. რაჰიმი კი ამბობს: „ზოგიერთი გამოცემა წერს, სტერლინგს ძალიან უყვარს ბრილიანტებიო. დიახ მიყვარს ბაქიობა. როცა დედას სახლი ვუყიდე, გაზეთებში რა სიბინძურე აღარ დაწერეს. მაგრამ მათ ვპასუხობ: 15 წლის წინათ ნახევრადმშივრები ტუალეტებს ვწმენდით სტოუნბრიჯზე. და თუ ვინმე იმსახურებს ბედნიერებას, ეს დედაა. ადამიანებს კი ვძულვარ იმისთვის, რაზედაც წარმოდგენა არ აქვთ.“