პოგბამ შეათანხმა

ფრანგი მანჩესტერის დატოვებასთან ახლოს არის

სადაცაა 2018/19 წლების საფეხბურთო სეზონიც დასრულდება, ზაფხულიც კარს შემოაღებს და შესაბამისად სატრანსფერო ციებ-ცხელებაც დაიწყება. არაერთ გრანდს უკვე მონახაზიც გაკეთებული აქვს, საქმეც წინ წაუგდიათ და იციან თუ რომელ ფეხბურთელზე უნდა „იჩალიჩონ“. უფრო მეტიც - ზოგიერთ მათგანს ტრანსფერიც გაჩარხულ-შესრულებული აქვს. მაგალითად ბარსელონას ჯერ კიდევ აიაქსელი დე იონგი უკვე შეძენილი ჰყავს და მომავალი სეზონიდან კატალონიელთა ღირსებას დაიცავს.

 

პოლ პოგბას შესახებ კი საგა გრძელდება. არახალი ამბავია, რომ ფრანგს ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი ჰქონდა და პორტუგალიელს ის ათვალწუნებული ჰყავდა. შესაბამისად პოგბას ოლდ ტრაფორდზე აღარ დაედგომებოდა, მაგრამ შემდეგ გუნდში ოლე გუნარ სულშერი მოვიდა და ვითარებაც დასტაბილურდა. მიუხედავად ამისა, პოლ პოგბას წითელ ეშმაკებში დარჩენა მაინც აღარ სურს და მის სახელს არაერთ გრანდს უკავშირებენ. ყველაზე ხშირად კი მადრიდის რეალის სახელი ჟღერს.

 

ცეცხლი ხომ უკვამლოდ არ ჩნდება და როგორც ჩანს პოგბა სამეფო კლუბში მართლაც გადავა. ეგ კი არა, ამბობენ ფრანგმა სატრანსფერო დელატებიც შეათანხმა და ხელფასის ამბავიც გაარკვიაო. როგორც პოპულარული გამოცემა AS ირწმუნება, პოგბას ანაზღაურება წელიწადში 12 მილიონი ევრო იქნება.

 

აღდგომა და ხვალეო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.