მესი და სხვები არ იქნებიან

ვალვერდე ლიდერებს დაასვენებს

ჩემპიონთა ლიგაში ლივერპულთან საპასუხო მატჩისთვის ერნესტო ვალვერდე ლეო მესის და ბარსელონას წამყვან მოთამაშეებს სელტასთან შეხვედრაში დაასვენებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

 

კატალონიელები ვიგოურ კლუბს ლა ლიგის 36-ე ტურში შეხვდებიან, თუმცა ბლაუგრანას ჩემპიონობა განაღდებული აქვს და სატურნირო მოტივაციის გარეშეა. ბარსას გაცილებით მნიშვნელოვანი შეხვედრა სამშაბათს, ენფილდზე ელის - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი (პირველი მატჩი - 3:0).

 

ბარსელონა სელტას 4 მაისს, უმეტესად ლა მასიას მოთამაშეებით ესტუმრება. ვალვერდე ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ინაკი პენიას, მუსა ვას, ორიოლ ბუსკეტსს, ალექს კოლადოს, რიკი პუიჯის, კარლეს პერესს და აბელ რუისს გამოიყენებს.

 

სელტა 37 ქულით მე-15 ადგილს იკავებს და ლა ლიგაში დასარჩენად იბრძვის - გასავარდნ ზონასთან სხვაობა 2 ქულა.