მეომრებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს

ჩემპიონი ჰიუსტონში კვლავ უპირატესობით ჩავა

გოლდენ სტეიტმა ბეწვის ხიდზე გაიარა და ჰიუსტონ როკეტსთან მესამე საშინაო მატჩიც მოიგო. მეომრებმა წინა შეხვედრების მსაგავსად, დაძაბულ ბრძოლაში - 104:99 იმარჯვეს და სერიაში - 3:2 დაწინაურდნენ.

ისევე, როგორც დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის წინა შეხვედრებში, გუნდები ერთმანეთს დღესაც არაფერს უთმობდნენ და უმეტესად თანაბარი თამაში მიდიოდა. ყველაზე დიდი უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოს, ოქროს შტატელებმა მოიპოვეს და წინ 20 ქულით გაიქცნენ. რაკეტებმა სხვაობა დაქაჩეს და წინაც გავიდნენ, თუმცა მასპინძლებმა ბოლო მეოთხედში გამარჯვება მაინც მოახერხეს.

მიუხედავად მარცხისა, მატჩის საუკეთესო მექულე ჯეიმს ჰარდენი გახდა. "ბაბუაწვერამ" 31 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა აიღო. რაც შეეხებათ კალიფორნიელებს, მათ კლეი ტომპსონმა 27 ქულით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 4 მოხსნით ულიდერა.

უკვე ჩვეულებად იქცა დრეიმონდ გრინის ორმაგი დუბლები. ოკლენდელთა მძიმე ფორვარდმა დღეს აქტივში 8 ქულა, 11 პასი და 12 მოხსნა ჩაიწერა.

მოქმედ ჩემპიონს სერიის დახურვის, ჰიუსტონს კი გადარჩენის შანსი ტოიოტა ცენტრში, 11 მაისს ექნება, თუმცა სტივ კერის გუნდი ჰიუსტონში სერიოზული დანაკლისით ჩავა - მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო, გოლდენ სტეიტმა კევინ დურანტი გაურკვეველი ვადით დაკარგა.