კანონთან ყველა თანასწორია

დევიდ ბექჰემი დასაჯეს

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დიდი ბრიტანეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო. დევიდ ბექჰემს ლაპარაკი არ აპატიეს და დასაჯეს.

 

დევიდ ბექჰემი, ლონდონში, მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბრობდა, რაც საქართველოსი არ იყოს, ბრიტანული კანონმდებლობითაც აკრძალულია. ამბავი არც ისე ახალია. ის 2018 წლის ნოემბერში მოხდა, თუმცა დღეს იმად გაგვახსენდა, რომ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. ბექჰემს რომ საჭის ტრიალის დროს ყურთან მობილური ტელეფონი ჰქონდა მიდებული გვერდზე მყოფი ავტომობილიდან შეამჩნიეს და უმალ პოლიციას ამცნეს. სამართალდამცველებთან დევიდს თავის მართლება აღარ დაუწყია და „დანაშაულიც“ აღიარა.

 

მოკლედ, მანჩესტერ იუნაიტედის, რეალის და არაერთი ტოპ გუნდის ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად კი ამერიკული ინტერ მაიამის ბოსს, ინგლისის ტერიტორიაზე 6 თვით მართვის უფლება ჩამოართვეს.

 

ასეა, კანონთან ყველა თანასწორია.