ვალვერდე არ მიდის

ბარსელონას ქომაგები ალბათ მალე აქციებს გამართავენ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლივერპულთან განცდილი მარცხის შემდეგ ბარსელონაში სიტუაცია აირია. ამას ბევრი მარჩიელობაც არ სჭირდებოდა, რადგან ენფილდზე მესი და კომპანია პატარა ბავშვებივით გამოიყურებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ბარსელონას ქომაგები შოკიდან ვერ გამოსულან და მწვრთნელი ერნესტო ვალვერდეც წნეხის ქვეშ არის.

 

ამასობაში, კალატოლინიურ გრანდს ლა ლიგაში ხეტაფესთან მორიგი ტურის მატჩი ელის, სადაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი რამდენიმე ტურით ადრე გახდა. ერნესტო ვალვერდეს კი ჟურნალისტებმა ლივეპრულთან წაგება კვლავ შეახსენეს.

 

"ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგი სიტუაცია მაგონებს ფილმს "დიდებული გაქცევა", რომელშიც მთავარი გმირის შემსრულებელი სტივ მაქუინი საკონცენტრაციო ბანაკიდან გარბის და მას დაედევნებიან, რათა შეიპყრონ და კარცერში ჩასვან.

 

სანამ სასჯელი აღსრულდება იქამდე მსურს, რომ ხეტაფესთან მატჩისთვის მოვემზადო, რადგან თქვენ ვერასდროს შეწყვეტთ იმაზე ფიქრს რაც ბოლო შეხვედრაში მოხდა და რომ ეს ჩვენი ბრალია.

 

რა თქმა უნდა, მე მაქვს ძალა, რომ მუშაობა და წინსვლა განვაგრძო. მწყობრში ვარ, სიტუაციასთან გამკლავება შემიძლია. გუშინ პრეზიდენტს ვესაუბრე და კლუბისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. ვიცი, რომ ამ სიტუაციის შესახებ ბევრი საუბარია. ასეთი მძიმე დარტყმის შემდეგ, ყველა გაოგნებულია" - თქვა ერნესტო ვალვერდემ.