ვანდა

რა ხდებოდა 76-ათასიანი მონსტრის სიახლოვეს

1 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ლივერპულსა და ტოტენჰემს შორის, მადრიდის ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართება, რომელიც ატლეტიკოს მშობლიური სტადიონია. თავად ატლეტიკომ წლეულს ფინალამდე ვერ მიაღწია, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ მადრიდისკენ იქნება მიპყრობილი.

საინტერესოა, რომ მეტროპოლიტანო სულ ორი წელიწადია, რაც გაიხსნა რეკონსტრუქციის შემდეგ. ადრე აქ პატარა, 20 ათასიანი სტადიონი იყო, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ააშენეს 2020 წლის ოლიმპიადისთვის. თუმცა, მასპინძლობის უფლება მადრიდმა ტოკიოსთან წააგო და სარბენბილიკიანი არენა აღარავის დასჭირდა. 

 

მალე ატლეტიკომ ქალაქის მუნიციპალიტეტისგან შენობა 30 მილიონ ევროდ შეიძინა და საქმეც დაიძრა. 2011-17 წლებში იქ, როგორც ამბობენ, რეაბილიტაცია ჩატარდა, მაგრამ რომელ რეაბილიტაციაზე საუბარი, როცა ციდა შენობის ადგილზე 67 ათასიანი მონსტრი წამოიჭიმა და ამაში 240 მილიონი ევრო დაიხარჯა. თუმცა, თუ ტოტენჰემის ახალ არენას გავიხსენებთ, რომელიც ორიოდ კვირის წინ გაიხსნა და თითქმის ერთი მილიარდი დაჯდა, მეტროპოლიტანოს ხარჯები თეთრებად მოგვეჩვენება.

ვერ ვიტყვით, რომ რომ გარედან სტადიონი საზეიმოდ ან პომპეზურად გამოიყურებოდეს. სადა და უბრალოა. თუმცა, გეომეტრიულად  გამართული ყოფილა. შიგნიდან კი საერთოდ ფანტასტიკაა, ყველა ადგილიდან მინდორი იდეალურად ჩანს. კარს უკან მჯდომიც კი არ აღიქვამს თავს პერიფერიაში. სახურავი მთლიანად ფარავს ტრიბუნებს, თანაც ისეთი სიფრიფანაა, საერთოდ ვერ აღიქვამ მის წნეხს. აბა შევადაროთ ჩვენს დინამო არენას, რომლის გადახურვა უმძიმესი რკინა-ბეტონის კონსტრუქციას წარმოადგენს და მეორე იარსუსზე ჯდომისას, ხანდახან გულის სიღრმეში გაგკრავს კაცს, ეს რომ ჩამოინგრეს, ხომ ჩაგვიყოლა ქვესკნელშიო. მაგრამ დავანებოთ თავი შავ აზრებს.

 

ეს ყველაფერი არქიტექტურული ბიუროს,  Cruz Y Oritz-ის დამსახურება ყოფილა. სტადიონთან მისვლა ყველაზე იოლი მეტროთია შესაძლებელი. სადგურს Estadio Metropolitano ჰქვია და ის მე-7 ხაზზე მდებარეობს. ნომერი, რომელსაც ატლეტიკოს ფრანგი ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი ატარებს და რომელმაც პირველი გოლი გაიტანა ახალგახსნილ სტადიონზე.

socios - კლუბის წევრობას ნიშნავს. ატლეტიკოს მთელ მსოფლიოში 130 ათასი ასეთი ადამიანი ჰყავს. 49 ათასი კი სეზონური აბონემენტის მფლობელია.

სტადიონის მიმდებარე ტეროტორია კი ორი ამბითაა ცნობილი: ტერაქტითა და პორნოფილმის გადაღებით.

2005-ში ეტამ (შეიარაღებული ბასკური ნაციონალისტური და სეპარატისტული ორგანიზაცია) ავტომობილი ააფეთქა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, რადგან ბასკებმა ტერაქტამდე ოცი წუთით ადრე თავად დარეკეს გაზეთ „გარას“ რედაქციაში და მოსალოდნელი აფეთქების შესახებ შეატყობინეს. პოლიციამ პერიმეტრის გაკონტროლება მოასწრო.

 

მეორე შემთხვევა რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა. სტადიონის სადგომზე პროდიუსერმა იგნასიო ალიენდე ფერნანდესმა დღისით, მზისით, 16 წუთიანი პორნო სიუჟეტი გადაიღო. საბედნიეროდ, არც ამ შემთხვევაში დაშავებულა ვინმე.

თუმცა, მოგვიანებით, ამ ფერნადესის გამო, რომელსაც მეტსახელად ტორბეს ეძახდნენ, კინაღამ ატლეტიკოს ექს-მეკარემ, დავიდ დე ხეამ გაიფუჭა კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ის უკვე მანჩესტერში თამაშობდა.

დე ხეას და კიდევ რამდენიმე ესპანელ ფეხბურთელს, მათ შორის, იკერ მუნიაინსა და ისკოს, პორნოვარსკვლავის გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს, თუმცა საქმე მოკვარახჭინდა.

ახლა სტადიონს მსოფლიო უფრო კეთილშობილური მისიით გაიცნობს - იქ საკლუბო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება.